კითხვებზე პასუხების მოძიებით დაწყებული, ვიდეოების ყურებითა და სოციალური ქსელების თვალიერებით დასრულებული - მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად ერთსა და იმავე ვებსაიტებს სტუმრობს. დღეს ამ ტრადიციულ პლატფორმებს მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ონლაინ მიმართულებების სიაში ხელოვნური ინტელექტის ასისტენტებიც შეუერთდნენ.
Semrush-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული რეიტინგი, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით თვიური ვიზიტების მიხედვით, 40 ყველაზე პოპულარულ ვებსაიტს აერთიანებს. მონაცემები მოიცავს როგორც კომპიუტერების, ისე მობილური მოწყობილობების ვებ-სესიებს, განმეორებითი ვიზიტების ჩათვლით.
პირველ ორ ვებსაიტსა და დანარჩენ პლატფორმებს შორის სხვაობა კოლოსალურია. მეორე ადგილზე მყოფი YouTube თითქმის ხუთჯერ მეტ ვიზიტს იღებს, ვიდრე მესამეადგილოსანი Facebook, ხოლო Google-ის ტრაფიკი YouTube-ის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
ორივე ლიდერი Alphabet-ის მფლობელობაშია, რაც კომპანიას როგორც ძიების, ისე ონლაინ ვიდეოსეგმენტის უპირობო ლიდერად აქცევს. ივნისის ინვესტორთა პრეზენტაციაში Google-მა აღნიშნა, რომ საძიებო მოთხოვნებმა წინა კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
TOP 15 ყველაზე მონახულებადი ვებსაიტი, 2026 წელი
| ვებსაიტი | ყოველთვიური ვიზიტები (მილიარდი) | |
| 1 | google.com | 108.90 |
| 2 | youtube.com | 59.97 |
| 3 | facebook.com | 12.21 |
| 4 | chatgpt.com | 8.23 |
| 5 | instagram.com | 6.81 |
| 6 | reddit.com | 4.82 |
| 7 | whatsapp.com | 4.26 |
| 8 | x.com | 4.17 |
| 9 | wikipedia.org | 3.80 |
| 10 | pornhub.com | 3.40 |
| 11 | tiktok.com | 2.71 |
| 12 | bing.com | 2.33 |
| 13 | amazon.com | 2.32 |
| 14 | yahoo.com | 2.30 |
| 15 | xvideos.com | 2.27 |
Google-მა და YouTube-მა ჯამში 168.9 მილიარდი ვიზიტი დააგროვეს, მაშინ როდესაც რეიტინგში შემავალი დანარჩენი ვებსაიტების საერთო მაჩვენებელმა მხოლოდ 91.3 მილიარდი შეადგინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Alphabet-ის ორმა წამყვანმა პლატფორმამ თითქმის ორჯერ მეტი ტრაფიკი მოიზიდა, ვიდრე TOP 40-ის ყველა დანარჩენმა საიტმა ერთად - მსხვილი სოციალური ქსელების, ონლაინ მაღაზიების, სტრიმინგ-სერვისებისა და AI-ინსტრუმენტების ჩათვლით.
ChatGPT ინტერნეტის უმსხვილეს პლატფორმებს შორისაა
საუკეთესო ხუთეულში ChatGPT-ის გამოჩენამ ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი ინტერნეტის ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელების გვერდით დააყენა. ყოველთვიური 8.2 მილიარდი ვიზიტით იგი Facebook-სა და Instagram-ს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, რაც ნათლად უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა AI-ინსტრუმენტებმა ადამიანების ყოველდღიურ ონლაინ-აქტივობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT წამყვანი სოციალური პლატფორმების გვერდით დგას, მისი უახლოესი კონკურენტი AI-ინსტრუმენტები რეიტინგში გაცილებით ქვემოთ არიან. Claude, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის სისტემა, 1.6 მილიარდი ვიზიტით 21-ე ადგილს იკავებს, რაც ChatGPT-ის ყოველთვიური ტრაფიკის დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს.
























