ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად, გაციფრულდა ყველაფერი, რისი გაციფრულებაც შეიძლება, მათ შორის HR-ხელსაწყოები. ბოლო დროს, ამ სფეროში ბევრმა ქართულმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება და ერთ-ერთი მათგანი Awork-ია, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს თანამშრომლების მაძიებელ კომპანიებთან სმარტფონის აპლიკაციით აკავშირებს.
“Awork-ი დასაქმების ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს, მაგრამ კომპანიის ამოსავალი წერტილი - სამუშაოს მაძიებლისთვის და ბიზნესისთვის ციფრული გადაწყვეტების შემოთავაზებაა, რომელთა დახმარებით დროის დაზოგვა და შედეგიანობის გაზრდა არის შესაძლებელი.
ბაზარზე შემოსვლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ სამუშაოს მაძიებელთა 80% ამ საქმისთვის მობილურ ხელსაწყოს იყენებდა, მაგრამ საქართველოში არსებული პლატფორმები ამგვარად არ იყო ადაპტირებული და არც დასაქმების აპლიკაცია არსებობდა. სამუშაოს მაძიებელს არ შეეძლო აპლიკაცია გადმოეწერა და სამსახური ეპოვა.
თან, არც ვაკანსიის პოვნა და CV-ის გაგზავნა არის იოლი, ასე რომ გადავწყვიტეთ, სამუშაოს მაძიებლებისთვის კომფორტული ხელსაწყო - აპლიკაცია შეგვექმნა. ამასთან, "უსასრულო სქროლვის" პრაქტიკა შევცვალეთ და Tinder-ის მექანიკა შემოვიტანეთ, რამაც გაამართლა, რადგან დღეს, ჩვენი აპლიკაცია 100,000-მა მომხმარებელმა ჩამოტვირთა, რაც საქართველოში და წელიწად-ნახევარში საკმაოდ კარგი შედეგია”, - განაცხადა Awork-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი რაზმაძემ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში, Awork-ის მმართველმა პარტნიორმა აპლიკაციის ფუნქციონალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Tinder-ის მსგავსი მექანიკა და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული ძებნა ის უპირატესობაა, რაც Awork-ის აპლიკაციას კონკურენტებისგან გამოარჩევს.
“Awork-ის აპლიკაცია ადგილმდებარეობაზე არის დაფუძნებული, ანუ სამსახურის პოვნა სახლთან ახლოს შეგიძლია, რაც პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა. ჩვენი ძირითადი სეგმენტი GenZ-თაობაა, ვისთვისაც Tinder-ის მსგავსი ფუნქციონალი კარგადაა ნაცნობი, რადგან ამ ტიპის გასაცნობი აპლიკაცია თითოეულ მათგანს სულ მცირე ერთხელ გამოუყენებია. ამასთან, ეს მექანიკა ახალია და როცა TikTok-ზე ან სხვა სოციალურ ქსელებში კამპანიას ვატარებთ, ვხედავთ, რომ ის დიდ ინტერესს იწვევს.
საპირწონედ ამისა, მარკეტფლეისის მოდელი ბიზნესებს უფრო მეტ მოქნილობას აძლევს, რაც სეგმენტურად დაყოფილი ლიდების გენერირებაში ეხმარებათ. ამ ეტაპზე, ჩვენს პლატფორმაზე სერვისული და სტუმარმასპინძლობის სექტორის ბიზნესები ჭარბობს, რადგან ჩვენი პლატფორმა ძირითადად ისეთ ვაკანსიებს აერთიანებს, სადაც წინარე გამოცდილება არ არის საჭირო”, - აღნიშნავს გიორგი რაზმაძე TECH INFORM-ში.