მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს BlackRock-ი, რომელიც $11.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

BlackRock

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადამხდელო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს.

აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $11.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $2.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $2.4 ტრილიონია, ანუ ბოლო თორმეტ თვეში BlackRock-მა სწორედ ერთი რუსეთი დაიმატა. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ.

მაშ, რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $11.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის მესამე კვარტალში, BlackRock-მა $5.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 15%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, მცირედით, კერძოდ 2%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც საანგარიშო პერიოდში $1.6 მილიარდი შეადგინა. ამ თანხას უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით. აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები