მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს Block Energy, რომელმაც საქართველოში 16 მლრდ მ3 მოცულობის გაზი აღმოაჩინა

62cc30c63a90b
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.22 00:00
11120
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამ საბადოს ლიცენზიანტია კომპანია Block Energy-ი, რომელიც 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.

Block Energy-ის ძირითადი საქმიანობის სფერო სწორედ საქართველოში ნავთობისა და გაზის ძიებაა. კომპანია IX და XI (B) ბლოკებიდან რესურსების მოპოვების უფლების მფლობელია.

16 მილიარდი მეტრ კუბი არის საქართველოს თითქმის 8 წლის მოხმარების ტოლი, თუმცა მისი მოპოვება ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ვერტიკალურის გარდა, ჰორიზონტალურ ბურღვით სამუშაოებსაც საჭიროებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს Block Energy-ის $6.1 მილიონის შემოსავალი და $4.8 მილიონის ზარალი ჰქონდა.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მისი აქციების ღირებულების ჯამი 9.4 მილიონი გირვანქა სტერლინგია. კომპანიის ერთი აქცია 1.35 გირვანქა სტერლინგი ღირს.

Block Energy PLC-ი 2005 წელს დაფუძნდა, მაშინ კომპანია სხვა სახელით ოპერირებდა და LISUNGWE PLC ერქვა, 2010 წლიდან 2013 წლამდე მას RARE EARTHS AND METALS PLC-ი ეწოდებოდა, 2013-2017 წლებში კი GOLDCREST RESOURCES PLC-ი. 2017 წლიდან დღემდე კი Block Energy PLC-ი ჰქვია.

"Block Energy ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, შლუმბერჟეს გაბურღულ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია.

Block Energy უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს Block Energy, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. Block Energy-ს აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს რიცხვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” - განაცხადა “საქმის კურსის” ეთერში ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები