მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს დღეს კურორტების განვითარების სააგენტოს ჯგუფი? - მინისტრის პასუხი

კურორტების განვითარების სააგენტო

წელიწადზე მეტია, რაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში კიდევ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტების განვითარების სააგენტო გაჩნდა. მის ხელმძღვანელად კი ამავე სამინისტროს ქვეშ არსებული „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი დაინიშნა. ლევან დავითაშვილი იმ დროისთვის ახალი სსიპ-ის დაფუძნებას იმით ხსნიდა, რომ ქვეყანაში 300-ზე მეტი კურორტის განვითარებისთვის კონკრეტული ადამიანების ჯგუფი სჭირდება. 2022 წლის ივნისის შემდეგ 1 წელი და 4 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, გაცხადებული ინფორმაციით, ახლად გახსნილი სააგენტოს ხელმძღვანელმა დარგის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, მიმდინარე წლის მარტში გამართა და სექტორის ეფექტიანად განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

რას საქმიანობს დღეს კურორტების განვითარების სააგენტოს ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი - ეს კითხვა bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაუსვა, რომელიც აცხადებს, რომ სააგენტო გეგმის მიხედვით მოქმედებს და წლის ბოლომდე კერძო სექტორთან პრეზენტაციით წარდგებიან.

„ჩვენ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. შერჩეული იყო 200-ზე მეტი პოტენციური ადგილი, რომელსაც წარსულში კურორტის სტატუსი ჰქონდა ან კურორტი იყო... მოხდა ძველი მასალის რევიზია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოიკვეთა უფრო პრიორიტეტული ადგილები და გუნდის მიერ საველე დათვალიერება მოხდა. დაიგეგმა კონკრეტული კრიტერიუმები და სააგენტომ ჩამოაყალიბა მეთოდოლოგია, ასეთი ადგილების პირველი ლოტი შეირჩა და დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ყველაზე კვალიფიციური კონსორციუმები მონაწილეობდნენ, სამი ძირითადი ჯგუფი, რომელიც პროექტების განვითარებაზე მუშაობს. მე რამდენადაც ვიცი, ამ პროექტების დიდი ნაწილი შესწავლილია და პრეზენტაციები არსებობს.

გამოიკვეთა მეტ-ნაკლებად საინტერესო საინვესტიციო მიმართულებები, ზოგი საინვესტიციო კუთხით ნაკლებად საინტერესოა და სოციალური დატვირთვა შეიძლება გააჩნდეს, აქ არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები ან ისტორიული ძეგლები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს, თუმცა აქ პროცესი კულტურის სამინისტროსთან ერთადაა დასაწყები, მოგვიწევს ამის შესწავლა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებით აღმოვაჩინეთ საინტერესო მიდგომები ისეთი ქვეყნები, რომლებსაც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნიათ... როგორ ახერხებენ ბალანს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით. სააგენტო ამ პროცესებზე აქტიურად მუშაობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ერთი პრეზენტაცია კერძო სექტორთან გაიმართება და მთავრობა მათ შორის ინვესტორებს და ბიზნესს შესთავაზებს პროექტებს, რომელიც ყველაზე უფრო დაწინაურებულია.

"ამავე დროს მუშაობა მიმდინარეობს ბალნეოლოგიის კუთხით, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების გაუმჯობესებაზე, იმისთვის რომ საკურორტო რეკრეაციული სფეროს ცალკეული მიმართულებები სწორად იყოს დარეგულირებული და აქაც მეტი განვითარების საშუალება გვქონდეს. ამაზე სააგენტო მომავალ წელსაც გააგრძელებს მუშაობას.

ასევე მომავალ წელს, მათი მხრიდან ახალი ობიექტები იქნება შესწავლილი, მოხდება როგორც ვიზიტები, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. საბოლოოდ, ჩვენ სრულად შევაფასებთ იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყანას ახალი კურორტების ათვისების თვალსაზრისით გააჩნია და ვფიქრობ, ეს როგორც საინვესტიციო, ისე ტურიზმის სექტორს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები