აზარტული თამაშების სერვისების გლობალური მიმწოდებელი Evolution Gaming-ი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 1.8 მილიარდ ევროს, წმინდა მოგება კი 1.07 მილიარდ ევროს აღემატებოდა.
Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც გულისხმობს მათ ვებგვერდებზე ლაივ კაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას. კომპანიას აქვს სტუდიები, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოსთვის მრავალენოვანი კაზინოს სერვისის მიწოდება ხდება. შესაბამისად, Evolution-ი აზარტული თამაშების სექტორში ოპერირებს, მაგრამ თავად ის კაზინოს არ წარმოადგენს. ჯგუფის 2023 წლის 1.8 მილიარდიანი შემოსავლიდან 1.5 მილიარდი სწორედ ლაივ კაზინოს სერვისიდან იყო მიღებული.
Evolution-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, ჯგუფს 17,763 დასაქმებული ჰყავს, საიდანაც ყველაზე მეტი 6,823 დასაქმებული კომპანიის ქართულ შვილობილში "ევოლუშენ ჯორჯიაში" მუშაობს, ქვეყნების მიხედვით კომპანიის სამუშაო ძალა ასეთია:
საქართველო - 6,823 დასაქმებული;
ლატვია - 3,151 დასაქმებული;
აშშ - 2,662 დასაქმებული;
მალტა - 1,391 დასაქმებული;
რუმინეთი - 850 დასაქმებული;
კანადა - 591 დასაქმებული;
ესპანეთი - 578 დასაქმებული;
სომხეთი - 442 დასაქმებული;
ბულგარეთი - 211 დასაქმებული;
შვედეთი - 173 დასაქმებული;
პოლონეთი - 119 დასაქმებული;
ტაივანი - 63 დასაქმებული.
Evolution Gaming-მა 2023 წელს დასაქმებულთა ანაზღაურებებზე 355 მილიონი ევრო გასცა, თუმცა ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული როგორ ნაწილდებოდა ეს თანხა ქვეყნების მიხედვით. უშუალოდ ქართული შვილობილის შესახებ ცნობილია, რომ 2022 წელს კომპანიამ 115 მილიონი ლარის ხელფასები გასცა. კომპანია საქართველოდან 600-მდე ლაივ კაზინოს მაგიდით ოპერირებს.
12 ივლისს კომპანიის ქართველი დასაქმებულები შრომითი პირობების, ასევე მენეჯმენტის დამოკიდებულების გასაპროტესტებლად გაფიცვას გეგმავენ. კომპანიის დასაქმებულთა მოთხოვნებს შორის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მატებაა.
კომპანიის ქართული შვილობილის უშუალო მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის.
“ჯგუფი ქმნის სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას.
კაზინოს მომსახურებების ლაივ სტრიმინგი ხორციელდება კომპანიის მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე აშენებული სტუდიების მეშვეობით. კერძოდ, კომპანიის მიერ დაქირავებული თამაშების წარმოდგენლები თამაშების (“რულეტკა”, “ბლექჯეკი”, „პოკერი” და “ბაკარა”) პრეზენტაციას ახორციელებენ კომპანიის სტუდიებში დამონტაჟებული აზარტული თამაშების მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც ლაივ სტრიმინგით გადაიცემა Evolution Malta Ltd-ში,” - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
ინფორმაციისთვის: Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანია საქართველოში არსებული სტუდიების მეშვეობით, უცხოურ, აზარტული თამაშების კომპანიებს ლაივ სტრიმინგის სერვისს სთავაზობს. კომპანიის პირდაპირი ეთერით და თამაშებით მსოფლიოს სხვადასხვა ონლაინკაზინო სარგებლობს.