სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანია "მშენჯგუფს", რომელმაც 16 კონტრაქტის ფარგლებში 18.6 მილიონი ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4.8 მილიონი ლარი ორგანიზებულმა ჯგუფმა მიითვისა.
გამოძიება არ აკონკრეტებს დაკავებულთა ვინაობას, თუმცა ცნობილია რომ სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პიარი დაკავებულია.
საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 1550 ბავშვზე გათვალისწინებული 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერებს.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს "მშენჯგუფი" 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი გურამ თაბუკაშვილი. კომპანიას დაფუძნებიდან დღემდე ძირითადად საბავშვო ბაღების მშენებლობის 18 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური საკონტრაქტო ღირებულებაც 40 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტენდერებში რიგ შემთხვევებში ვადები გახანგრძლივდა, რაც პროექტების გაჭიანურებასთან იყო დაკავშირებული. ამასთან, რეესტრის მონაცემებით კომპანიის აქტივები დაყადაღებულია.
"საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2025 წლებში, 9 ტენდერის ფარგლებში, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და სამშენებლო კომპანია შპს „მშენჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები: ხელვაჩაურის, ქედის, ნინოწმინდის, წალენჯიხის, ხობის, ლაგოდეხისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საერთო ჯამში 1550 ბავშვზე გათვლილი, 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის თაობაზე.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად შპს „მშენჯგუფს“ საერთო ჯამში 18 648 018 ლარი ჩაერიცხა, საიდანაც 4 762 587 ლარი, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მიითვისეს ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




























