მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს კომპანია Theneo, რომელმაც Web Summit-ის პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა?

6366267932f9d
გიორგი არონია
05.11.22 14:00
1663
ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა. აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას 70 ათასი ადამიანი და მსოფლიოს არაერთი წამყვანი კომპანიისა თუ სტარტაპის წარმომადგენელი ესწრება.

Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია.

ცნობისთვის, API დოკუმენტაცია თავისი არსით წარმოადგენს ინსტრუქციულ სახელმძღვანელოს, რომელიც განმარტავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული და სწორად ინტეგრირებული მოცემული API და მისი სერვისები. თავის მხრივ, აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი, იგივე API წარმოადგენს ფუნქციებისა და პროცედურების მზა კომპლექტს, რომელსაც კომპიუტერული აპლიკაცია საოპერაციო სისტემასთან ან სხვა რომელიმე პროგრამასთან სამუშაოდ იყენებს. კომპიუტერულ სისტემებში API მომხმარებლის ინტერფეისის როლს ასრულებს, ანუ ის არის პანელი, რომლის მეშვეობითაც იმართება აპლიკაცია, საოპერაციო სისტემა ან ვებ-გვერდი.

Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამაში მოხვდა. დღემდე, Theneo-ს $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული – ამასთანავე, ის პირველი ქართული "უნიქორნობის", ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

"დღემდე, სხვადასხვა ინდუსტრიაში უმეტესად დაბალი ხარისხის API დოკუმენტაცია გვხვდება, რისი მთავარი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ხარისხიანი API დოკუმენტაციის შექმნას დიდი ფინანსური რესურსი და დრო სჭირდება. გარდა ამისა, დეველოპერებს ხშირად ეზარებათ, უჭირთ ან დრო ენანებათ დოკუმენტაციის დასაწერად, რის გამოც ის ხშირად მოძველებული და უხარისხო გამოდის.

ჩვენი მიზანია, გავხდეთ ლიდერი API-მენეჯმენტში გარდავქმნათ ამ პროცესის ყოველდღიურობა: API კოლექციის ატვირთვის შემდეგ დოკუმენტაციის გენერირება უკიდურესად გავამარტივოთ და კონტენტი, ანუ ე.წ. ინსტრუქცია, რომელიც კოდს მოჰყვება, სრულიად ავტომატიზებული გავხადოთ.

გამომდინარე იქიდან, რომ აქცენტი თავიდანვე საერთაშორისო ბაზარზე გავაკეთეთ, დღემდე ჩვენს პლატფორმას უმეტესად ამერიკული კომპანიები იყენებენ. სამომავლოდ გვსურს, რომ მომხმარებელთა რიცხვი და პლატფორმის გამოყენების არეალი კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა ჩვენი უმთავრესი გეგმა, რომ Theneo მილიონობით დეველოპერის მიერ ყოველდღიურად გამოყენებულ პლატფორმად იქცეს – რეალობად ვაქციოთ. ამასთანავე გვსურს, რომ ხარისხიანი API დოკუმენტაცია, როგორც შიდა, ისე საჯარო, აუცილებლობად იქცეს და ფუფუნებასა და იშვიათობასთან აღარ იყოს ასოცირებული, როგორც დღეს", - განაცხადა ანა რობაქიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები