მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს სტუდენტური ფასდაკლებების აპლიკაცია Student Hunt-ი? - დამფუძნებლის განმარტება

Student Hunt

სტუდენტური ცხოვრება, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანს გამოუვლია, როგორც წესი, სახალისო და ლაღია, მაგრამ თან, ბევრი დაბრკოლებაც ახლავს. სტუდენტობა ის დროა, როცა ადამიანი საკუთარ ფინანსურ მდგრადობაზე ხდება პასუხისმგებელი და ფულის ხარჯვას ჭკვიანურად სწავლობს. საქართველოში გამოჩნდა აპლიკაცია, რომელიც სტუდენტებს ფინანსური დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარება - ამ აპლიკაციას Student Hunt-ი ჰქვია და მის გეგმებსა და შედეგებზე კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, სანდრო კანდელაკმა TECH INFORM-ში ისაუბრა.

“ამ ეტაპზე, Student Hunt-ი ფასდაკლებების და შეთავაზებების აპლიკაციაა, რომელიც სტუდენტებს საყვარელი ბრენდების პროდუქტების შეძენას უმარტივებს, ხოლო კომპანიებს სტუდენტური სამომხმარებლო სეგმენტის გაზრდაში ეხმარება. დღეს, კომპანიებს ეს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგან სტუდენტების უმეტესობას GenZ-თაობის წარმომადგენლები შეადგენენ და მათი ლოიალობის მოპოვება საკმაოდ რთულია. GenZ-ადამიანების ციფრულ არხებში დაჭერა ისეთი მარტივი არ არის, როგორიც, მაგალითად, მილენიალების.

არსებობს პარამეტრი, რომელიც ზომავს, თუ რა უჯდება კომპანიას ერთი მომხმარებლის მოყვანა და ამ პარამეტრის მიხედვით, სტუდენტის მოყვანა სამჯერ და ოთხჯერ უფრი ძვირია, ვიდრე სხვა სეგმენტის, რადგან სტუდენტები რეკლამების მიმართ რეზისტენტულები არიან. ჩვენგან განსხვავებით, ისინი ციფრულ სამყაროში აღიზარდნენ და ციფრული რეკლამა მათზე ისევე არ მოქმედებს, როგორც ჩვენზე - ბილბორდი. შესაბამისად, ამ ადამიანების პოვნა და დაჭერა უფრო ძვირი ჯდება.

ჩვენს პლატფორმას კომპანიებს უფასოდ ვთავაზობთ და ვამბობთ, რომ არხი უფრო ვართ, ვიდრე ფასდაკლების აპლიკაცია. ფასდაკლება, ამ შემთხვევაში, სტუდენტისთვის საინტერესო შეთავაზების ხელსაწყოა”, - განაცხადა სანდრო კანდელაკმა TECH INFORM-ში.

საინტერესოა, რომ Student Hunt-ში შეთავაზების განთავსება ყველა კომპანიას არ შეუძლია - მეტიც, აპლიკაციაში მოსახვედრად, კომპანია სტუდენტებს შორის დიდი პოპულარობით უნდა სარგებლობდეს. როგორც სანდრო კანდელაკმა TECH INFORM-ში განაცხადა, აპლიკაციაში შეთავაზებების დამატებასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს Student Hunt-ი მას შემდეგ იწყებს, რაც სტუდენტებისგან შესაბამის ინტერესს დაინახავს.

“თავდაპირველად, პარტნიორი კომპანიების შერჩევა ჩვენი გუნდის წევრების სურვილებითა და განწყობით დავიწყეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს იდეებსა და სტუდენტების ინტერესებსა და გემოვნებას შორის აცდენა იყო. მას შემდეგ, ინფორმაციის შეგროვება დავიწყეთ, ანუ პირდაპირ სტუდენტებს ვეკითხებით, თუ რა ტიპის შეთავაზებებისა და კომპანიების ხილვა სურთ Student Hunt-ის აპლიკაციაში. თან, მხოლოდ კომპანიების შესახებ კი არ ვეკითხებით, პირიქით - აპლიკაციაში ანალიტიკური ხელსაწყო ჩავაშენეთ, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, ხომ არ დააკლდა სტუდენტს რამე კონკრეტულ შეთავაზებაში. ამ გზით ვცდილობთ, Student Hunt-ის აპლიკაცია მაქსიმალურად მოვარგოთ სტუდენტების ინტერესებს.

ამ ეტაპზე, სტუდენტები აქტიურად ითხოვენ კვების ინდუსტრიის კომპანიებს, რადგან კვებაში სტუდენტები ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ. ამ მიმართულებით გვყავს, როგორც დიდი კომპანიები, ასევე შედარებით მცირე ზომის კვების ობიექტები. თავად ეს ჩამონათვალი სტუდენტების უკუკავშირის საფუძველზე იქმნება. პროცესი კი, ასეთია: მივიღებთ თუ არა შეტყობინებას, ვურეკავთ კომპანიას, ვეუბნებით, რომ სტუდენტებმა მისი დამატება მოითხოვეს და ვეკითხებით, Student Hunt-ის აპლიკაციაში სერვისების დამატება თუ უნდათ”, - განაცხადა სანდრო კანდელაკმა TECH INFORM-ში.

აქ კი, ჩნდება კითხვა: თუ Student Hunt-ის აპლიკაციით სარგებლობა უფასოა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, როგორღა აგენერირებს კომპანია შემოსავალს, ანუ რა არის მისი ბიზნესმოდელი? როგორც სანდრო კანდელაკი ჩვენთან საუბრისას ამბობს, Student Hunt-ის ბიზნესმოდელი მომავალზე არის ორიენტირებული, როცა აპლიკაცია სტუდენტურ სუპერ აპად ჩამოყალიბდება.

“როგორც გითხარით, ამ ეტაპზე ფასდაკლებებისა და შეთავაზებების აპლიკაცია ვართ, მაგრამ სამომავლოდ გვსურს, სტუდენტურ სუპერ აპად ჩამოვყალიბდეთ, რომელიც სტუდენტებს მოემსახურება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შეთავაზებების განთავსებაში, კომპანიები, ამჟამად, ფულს არ იხდიან, ხოლო ჩვენი ბიზნესმოდელი სხვადასხვა აქტივობებს ეფუძნება, რომელთა დამატებას მომავალში ვგეგმავთ, ესენია, მაგალითად, რენკირების სისტემა, რომელიც კომპანიებს რეიტინგებში მოხვედრის საშუალებას მისცემს და რეკლამა. სულ მალე დასაქმების ფუნქციონალსაც გავუშვებთ.

ჩვენი მიზანია, ბევრი სტუდენტი დავიმატოთ. ამ ეტაპზე, 6000 სტუდენტი გვყავს და გვინდა, ეს რიცხვი მაქსიმალურად გავზარდოთ და მოგვიანებით, ეს მოდელი სხვა ქვეყნებში გავიტანოთ”, - განაცხადა სანდრო კანდელაკმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები