მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა წლის საუკეთესო აპლიკაციები გამოავლინა

App Store

2024 წელი დასასრულს უახლოვდება და კომპანიები განვლილი თორმეტი თვის შეჯამებას იწყებენ. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, ამერიკულმა Apple-მა საკუთარ მარკეტფლეისში, App Store-ში განთავსებული საუკეთესო აპლიკაციები დააჯილდოა. დაჯილდოება, რომელიც ყოველ წელს იმართება, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთგვარ ნიშანსვეტად ითვლება, რომელსაც დეველოპერები სულმოუთქმელად ელოდებიან.

მოწყობილობების ბაზარზე iOS-ის ოპერაციულ სისტემაზე ბაზრის 18.5% მოდის, ხოლო სმარტფონების ბაზარზე კომპანიას დაახლოებით 28%-იანი წილი აქვს. თან, Apple-ის ოპერაციული სისტემა დახურულია, ანუ თუ ადამიანს სურს, Apple-ისთვის ან Mac-ისთვის აპლიკაციები შექმნას, კომპანიის პირობები უნდა დააკმაყოფილოს. App Store-ში რამდენიმე სტანდარტი მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების, ასევე დიზაინის, ფუნქციონალის და მონეტიზაციის კუთხით.

წელს, Apple-მა გამარჯვებულები თორმეტ კატეგორიაში გამოავლინა, როგორც iPhone-ის და Mac-ის, ასევე Apple TV-ის და Apple Vision Pro-ს ჭრილში.

iPhone-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული წელს Kino-მ მიიღო. აპლიკაციის ფუნქციონალი საკმაოდ მარტივია და მისი დედააზრი ვიდეოების დამუშავებაა. Kino რეჟისორების მიერ წინასწარ შერჩეულ ფილტრებს აერთიანებს, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს ვიდეოს ისეთნაირად დამუშავება შეუძლია, რომ მან კინემატოგრაფიული ელფერი მიიღოს. აპლიკაცია გამოცდილ და ახალბედა კინოპროდიუსერებს ერთნაირად ერგება და მათ შესაბამის ხელსაწყოებს სთავაზობს. Kino $9.99 ღირს, ხოლო მომხმარებლები მას ხუთიდან 4.8 ქულით აფასებენ.

iPhone-ისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეოთამაშის ტიტული წელს AFK Journey-მ მიიღო. ეს RPG-ის ტიპის ვიდეოთამაში, რომელიც სინგაპურულმა Farlight Games-მა შექმნა, ესპერიას ჯადოსნურ სამყაროში ვითარდება. მოთამაშე, რომელიც ლეგენდარული ჯადოქრის, მერლინის ამპლუაში გვევლინება, ბევრ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებს, რომელთა მიზანი კონკრეტული დავალებების შესრულებით ახალი პერსონაჟების გახსნა და რესურსების მოგროვებაა. AFK Journey უფასო ვიდეოთამაშია, ხოლო მომხმარებლები მას ხუთიდან 4.9 ქულით აფასებენ.

iPad-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული მუსიკალურმა აპლიკაცია Moises-მა მიიღო. ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებული ეს აპლიკაცია მუსიკოსებს პროფესიული უნარების დახვეწაში ეხმარება. მომხმარებელს ნებისმიერი ჩანაწერიდან კონკრეტული ინსტრუმენტის მუსიკის ან შემსრულებლის ვოკალის განცალკევება შეუძლია, რაც კონკრეტული პარტიის უკეთ შესრულების საშუალებას აძლევს. Moises-ში ბევრი სხვა საინტერესო ფუნქციონალიცაა თავმოყრილი, რომელთა გამოყენება მუსიკალური კომპოზიციის დამუშავებისთვის შეიძლება. Moises-ი უფასო აპლიკაციაა, ხოლო მომხმარებლები მას ხუთიდან 4.7 ქულით აფასებენ.

Pad-ისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეოთამაშის ტიტული Squad Busters-მა მიიღო. ეს ვიდეოთამაში, რომელიც ცნობილმა ფინურმა დეველოპერულმა სტუდია Supercell-მა შექმნა, ულტრაპოპულარული სტრატეგიული ვიდეოთამაშის, Clash of Clans-ის სამყაროში ვითარება. Squad Busters-ის მოთამაშეებს ფრენჩაიზიდან კარგად ნაცნობი პერსონაჟების შეგროვება, გაძლიერება და სხვების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ. თავად ვიდეოთამაში სამგანზომილებიან გრაფიკას ეფუძნება და მექანიკურად Supercell-ის სხვა მობულური თამაშების ესთეტიკას იმეორებს. Squad Busters-ი უფასო ვიდეოთამაშია, ხოლო მომხმარებლები მას ხუთიდან 4.6 ქულით აფასებენ.

Mac-ისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციის ტიტული ტექნოლოგიურ სფეროში ყველასთვის კარგად ნაცნობი Adobe-ის ფლაგმანურმა პროდუქტმა, Adobe Lightroom-მა მიიღო, რომელიც სურათების დამუშავების ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამაა, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს. Adobe Lightroom-ის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია სურათი და ვიდეო ისე დაამუშავოს, როგორც სურს, რადგან თავად პროგრამა პროფესიულია და ყველა საჭირო ხელსაწყოს აერთიანებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც Adobe-ის ყველა პროდუქტში არის ინტეგრირებული. თავად Lightroom-ი უფასო აპლიკაციაა, მაგრამ მის გამოსაყენებლად მომხმარებელს Adobe-ის პაკეტის გამოწერა სჭირდება. მომხმარებლები ამ აპლიკაციას ხუთიდან 3.8 ქულით აფასებენ.

Mac-ისთვის შექმნილი საუკეთესო ვიდეოთამაშის ტიტული უცნაურმა Thank Goodness You’re Here!-მა მიიღო. ამერიკული Panic-ის მიერ შექმნილი ეს კომედიური ჟანრის სათავგადასავლო თამაში უცნაურ და სიურრეალისტურ გარემოში, ჩრდილოეთ ინგლისით შთაგონებულ და ხელით დახატულ ღია სამყაროში ვითარდება, სადაც მოთამაშე სტუმრის როლს ირგებს და მცხოვრებთა დავალებებს ასრულებს. Apple-ის კომპიუტერები, როგორც ცნობილია, თამაშებისთვის არ არის შექმნილი, ასე რომ Thank Goodness You’re Here!-ის მსგავსი თამაშის გამარჯვება უცნაური სულაც არ არის. Thank Goodness You’re Here! $22.99 ღირს.

როგორც დასაწყისში გითხარით, წელს, Apple-მა გამარჯვებულები თორმეტ კატეგორიაში გამოავლინა. თუკი iPhone-ის, iPad-ის და Mac-ის კატეგორიები ყველასთვის კარგადაა ცნობილი, იმავეს ვერ ვიტყვით შედარებით ნიშურ მოწყობილობებზე, მათ შორის Apple Vision Pro-ზე და Apple TV-ზე. Apple-ის შერეული რეალობის სათვალის კატეგორიაში Marvel-ის What If-მა და Thrasher-მა გაიმარჯვეს, როცა Apple TV-ის საუკეთესო პროდუქტის ტიტული Formula 1-ის ოფიციალურმა აპლიკაციამ მიიღო. წელს, Apple-მა ჭკვიანი საათისთვის შექმნილი საუკეთესო აპლიკაციაც გამოარჩია — ამ კატეგორიაში მზის ციკლის ტრეკერმა, Lumy-მ გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები