მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა ტექნოლოგიურ გიგანტებთან ბრძოლა დაიწყო, პირველი მსხვერპლი Apple-ია

App Store vs EU

გასული წლის სექტემბერში, ევროკომისიამ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული ციფრული ბაზრების რეგულირების აქტი მიიღო, რომლის მიზანი Apple-ის, Amazon-ის, Google-ის, Meta-ს, Microsoft-ისა და ByteDance-ის მსგავსი უზომოდ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვაა. შედეგად, ამ კომპანიებს სპეციალური სტატუსი მიენიჭათ, რადგან, როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ინდუსტრიის უდიდესი მოთამაშეები არიან და ჩვეულებრივ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ნაკლებად ემორჩილებიან, რის გამოც მარეგულირებელმა ახალი ჩარჩო შექმნა.

აღნიშნული კანონმდებლობა მიმდინარე წლის მარტში შევიდა ძალაში, ანუ ტექნოლოგიურ გიგანტებთან ბრძოლა ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად დაიწყო. შედეგად, გამოჩნდა ახალი კანონმდებლობის პირველი მსხვერპლიც. ეს სიმბოლური სტატუსი ამერიკულმა Apple-მა მიიღო, რომელსაც ევროკავშირი საკუთარ ონლაინმაღაზიაში, App Store-ში კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს. უფრო კონკრეტულად, მარეგულირებლებს არ მოსწონთ ის პოლიტიკა, რომელსაც Apple-ი იმ დეველოპერებს უწესებს, რომლებიც მის ონლაინმაღაზიაში აპლიკაციებს ყიდიან. თუ კონკურენციის შეზღუდვა დადასტურდა, ტიმ კუკის კომპანიას, შესაძლოა, ჯარიმის სახით გლობალური წლიური შემოსავლის 10%-ის გადახდა დაეკისროს. თუმცა საინტერესოა, რომ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა, შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს.

გამოძიების პირველადი შედეგები, წესით და რიგით, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 2025 წლის მარტში უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თუ ევროპელი მარეგულირებელი ამერიკულ კომპანიას კონკურენციის შეზღუდვაში დაადანაშაულებს, Apple-ი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამრიგად, თითოეული ასეთი დავა მეტად კომპლექსური და დროში გაწელილია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ზემოხსენებული ბრალდება ერთადერთი არ არის, რომელსაც ევროკავშირი ამერიკულ Apple-ს უწესებს. როგორც ოფიციალურ ბრიუსელში ამბობენ, მარეგულირებელი App Store-ში არსებულ სატარიფო პოლიტიკასაც სწავლობს, რათა დაადგინოს, სამართლიანი არის თუ არა ის გადასახადები, რომელთა გადახდას ამერიკული კომპანია დეველოპერებს აიძულებს. ასეთი გადაწყვეტილებების ჩამონათვალში ხვდება ის წესი, რომლითაც კომპანია, რომლის პროდუქტს ერთ მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს, აპლიკაციის თითო გადმოწერაზე Apple-ს 50 ცენტი უნდა გადაუხადოს. ვაკუუმში, მართალია, 50 ცენტი არაფერს ცვლის, მაგრამ მასშტაბზე გასვლისას საკმაოდ დიდი თანხა გროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები