მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი Microsoft-ს კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს

Microsoft Teams

გასული წლის სექტემბერში, ევროკომისიამ ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული ციფრული ბაზრების რეგულირების აქტი მიიღო, რომლის მიზანი Apple-ის, Amazon-ის, Google-ის, Meta-ს, Microsoft-ისა და ByteDance-ის მსგავსი უზომოდ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის შეზღუდვაა. შედეგად, ამ კომპანიებს სპეციალური სტატუსი მიენიჭათ, რადგან, როგორც კანონმდებლები ამბობენ, ეს კომპანიები ინდუსტრიის უდიდესი მოთამაშეები არიან და ჩვეულებრივ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ნაკლებად ემორჩილებიან, რის გამოც მარეგულირებელმა ახალი ჩარჩო შექმნა.

აღნიშნული კანონმდებლობა მიმდინარე წლის მარტში შევიდა ძალაში, ანუ ტექნოლოგიურ გიგანტებთან ბრძოლა ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად დაიწყო. შედეგად, გუშინ, ახალი კანონმდებლობის პირველი მსხვერპლი ამერიკული Apple-ი გახდა, ხოლო დღეს, ამ სიაში ამერიკული Microsoft-იც მოხვდა, რომელსაც ევროკავშირი კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს. ოფიციალური ბრიუსელის მტკიცებით, Microsoft-ის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტებში, მათ შორის Office 365-ში და Microsoft 365-ში, კომპანიის საკუთრებაში არსებული საკომუნიკაციო პლატფორმის, Microsoft Teams-ის შეყვანა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

როგორც გაირკვა, Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Slack-მა შეიტანა. კომპანიის მტკიცებით, Microsoft-ის მიერ პროდუქტების ამგვარი დაჯგუფებით Slack-მა არაერთი რეალური და პოტენციური მომხმარებელი დაკარგა. თუმცა საკითხს უფრო ფართო კუთხიდან თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე, შესაძლოა, Zoom-იც აღმოჩნდეს, ისევე, როგორც ვიდეოსაკონფერენციო პროგრამული უზრუნველყოფის გერმანული მწარმოებელი alfaview, რომელმაც Microsoft-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

თუ კონკურენციის შეზღუდვა დადასტურდა, სატია ნადელას კომპანიას, შესაძლოა, ჯარიმის სახით გლობალური წლიური შემოსავლის 10%-ის გადახდა დაეკისროს. თუმცა საინტერესოა, რომ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა, შესაძლოა, 20%-მდე გაიზარდოს. გამოძიების პირველადი შედეგები, წესით და რიგით, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 2025 წლის მარტში უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თუ ევროპელი მარეგულირებელი ამერიკულ კომპანიას კონკურენციის შეზღუდვაში დაადანაშაულებს, Microsoft-ი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამრიგად, თითოეული ასეთი დავა მეტად კომპლექსური და დროში გაწელილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები