მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, Apple-ის მთავარი პროდუქტის, iPhone-ების გაყიდვებმა 10%-ით იკლო, რის გამოც ამერიკულმა ტიტანმა სმარტფონების გლობალური ბაზრის ლიდერის წოდება დათმო. პირველ ადგილზე კორეულმა Samsung-მა გადაინაცვლა, რომელზედაც ბაზრის 20.8%-იანი წილი მოდის. საინტერესოა, რომ ერთი კვარტლით ადრე, პირველ ადგილს Apple-ი იკავებდა, მაგრამ ახლა, მისი საბაზრო წილი 17.3%-მდე შემცირდა.
ამერიკული Apple-ის დაღმასვლას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მაგრამ მთავარი - მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე, ჩინეთში iPhone-ებზე შემცირებული მოთხოვნაა. თავად ეს ფაქტორი კი იმით აიხსნება, რომ ჩინეთში მეტად პოპულარული ხდება ადგილობრივი ბრენდები, მათ შორის Huawei და Xiaomi - ამ უკანასკნელზე, მაგალითად, გლობალური ბაზრის 14.1%-იანი წილი მოდის. ცხადია, დიდ როლს ასრულებს Samsung-ის S24-ის სერია, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა, რაც 1-ელ კვარტალში გაყიდული 60 მილიონი სმარტფონითაც დასტურდება. ამავე პერიოდში, Apple-მა 50.1 მილიონი iPhone გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ ივნისში Apple-ის ყოველწლიური კონფერენცია, Worldwide Developers Conference (WWDC) გაიმართება, სადაც ამერიკულმა კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა დააანონსოს. აი, სწორედ ეს ტექნოლოგია განსაზღვრავს, თუ რა ბედი ეწევა ამერიკულ კომპანიას მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში.