Apple-ში ხელოვნური ინტელექტის ეპოქა იწყება. აი, სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს ის არაერთი სიახლე, რომელიც ტიმ კუკმა და მისმა გუნდმა WWDC 2024-ზე წარმოადგინეს. სიახლეები უხვად დაანონსდა, მაგრამ კომპანიის ფოკუსი ხელოვნური ინტელექტი იყო - ტექნოლოგია, რომელსაც Apple-ი ბოლო წლებში აშკარად ჩამორჩა. ამიერიდან, შეცდომა გამოსწორებულია, რადგან ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ამერიკულ გიგანტში საკუთარი სახელი - Apple Intelligence დაარქვეს, ამიერიდან, კომპანიის მიერ წარმოებულ მოწყობილობებში გამოჩნდება. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონალი მხოლოდ iPhone 15 Pro-სერიის სმარტფონებში და იმ iPad-ებსა და Mac-ებში გამოჩნდება, რომელთაც, სულ მცირე M1-პროცესორი აქვთ და თან, ინგლისურენოვან ოპერაციულ სისტემას იყენებენ.
ხელოვნური ინტელექტის კუთხით დიდი განახლება მიიღო Apple-ის ხმოვანმა ასისტენტმა, Siri-მ, რომელიც, ბოლო წლებში, მის კონკურენტებს ჩამორჩა. როგორც ჩანს, Siri არსებობას განაგრძობს, მაგრამ ის, უმეტესწილად, სწორედაც რომ ხმოვანი ასისტენტის მიმართულებით განვითარდება, რომელიც დიდ ენობრივ მოდელებს დაეყრდნობა და ისე განვითარდება, რომ ადამიანივით მეტყველებას და მომხმარებლებთან საუბრის გაბმას მოახერხებს. ამიერიდან, Siri აპლიკაციებთან მეტად ინტეგრირდება და კონკრეტული სურათების და ელექტრონული წერილების პოვნას შეძლებს. ამასთან, Siri-ში OpenAI-ის ChatGPT-იც ჩაინტეგრიდება და მას მაშინ გამოიყენებს, როცა დავალების შესრულებას თავად ვერ შეძლებს. გამოდის, რომ Apple-ის მომხმარებლების ChatGPT-ის გამომწერებიც გახდებიან, თანაც უფასოდ.
ხმოვანი ასისტენტის გარდა, Apple-ის ხელოვნური ინტელექტი სხვა აპლიკაციებშიც გამოჩნდება, მათ შორის Emoji-ში, რადგან ამიერიდან, ადამიანები საკუთარი ღიმილიანი სახეების, იგივე სმაილების შექმნას შეძლებენ. ცხადია, სიახლეები კამერის და სურათების დამუშავების მიმართულებითაც არის, რადგან Samsung-მა S24 Ultra-ში ისეთი ფუნქციონალი ჩააშენა, რითაც iPhone-ის კამერა არარელევანტურად აქცია. ამიერიდან, ხელოვნური ინტელექტი iPhone-ით გადაღებულ სურათებსაც დაამუშავებს.
ერთი ცვლილება, რომელიც iOS 18-თან ერთად დაინერგება და, შეიძლება ითქვას, iPhone-ისთვის რევოლუციური იქნება - მენიუს პერსონალიზების ფუნქციონალის შემოტანაა. თავად ამ ფუნქციონალში არაფერია ახალი, რადგან მენიუს განლაგების შეცვლა, ვიჯეტების დამატება და სმარტფონის ძირითადი მენიუს საკუთარ გემოვნებაზე მოწყობა ისაა, რაც Android-ზე მომუშავე ტელეფონებში ათწლეულის წინ გამოჩნდა. თუმცა Apple-ისთვის, ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, კომპანიის ძირითადი ფილოსოფიისგან გადახვევას ნიშნავს, რადგან ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ დიზაინი ის მიმართულება იყო, რომელზედაც კომპანია გადაწყვეტილებებს თავად იღებდა და მომხმარებელს ერთ კონკრეტულ დიზაინს სთავაზობდა, რომელიც Apple-ის მიერ იყო შერჩეული - The Apple Way.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც iPhone-ებში iOS 18-ის გამოსვლასთან ერთად დაინერგება - ტექსტური შეტყობინებების ახალ სტანდარტზე გადასვლაა, რაც ნიშნავს, რომ iPhone-ებსა და Android-მოწყობილობებს შორის კომუნიკაცია გამარტივდება, ფოტოების გაგზავნა მაღალი ხარისხით იქნება შესაძლებელი, ხოლო ორივე მხარე მარტივად მესიჯებში ემოჯებისა და რეაქციების გაზიარებას შეძლებს. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, iPhone-ებისა და Android-ების მფლობელები ტესტური შეტყობინებების გაგზავნას უფასოდ შეძლებენ, როგორც ეს iMessage-ის შემთხვევაში არის შესაძლებელი. Google-მა, სხვათა შორის, ამ ტექნოლოგიიის გამოყენება ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დაიწყო, ანუ Apple-ის მხრიდან რევოლუციურობასთან არც აქ გვაქვს საქმე.
ერთი სიახლე, რომელიც განსაკუთრებით Apple-ის კომპიტერებისა და სმარტფონების მომხმარებლებს გაუხარდებათ - iPhone-ის ეკრანის გაზიარების ფუნქციონალია, რაც ნიშნავს, რომ iPhone-ის გამოყენებას ადამიანი უშუალოდ კომპიუტერის ეკრანიდან შეძლებს, რაც Apple-ის ეკოსისტემურობის ძალიან დიდი გამარჯვებაა, რომელიც ამერიკული კომპანიის მომხმარებელთა ცხოვრებას გაამარტივებს.
აი, ეს არის ის სიახლეები, რომლებიც Apple-მა WWDC 2024-ზე წარმოადგინა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკული გიგანტის სიახლეების სეზონი მხოლოდ ახლა იწყება. წინ შემოდგომა გველოდება, როცა Apple-ი ახალი თაობის iPhone-ებს წარადგენს. ტიმ კუკის კომპანია შეეცდება, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცოს.