მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტაივანური TSMC აშშ-ში $100 მილიარდს დააბანდებს

TSMC

მიკროჩიპების და ნახევარგამტარების მსოფლიოს უდიდესი კომპანია, ტაივანური TSMC ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში $100-მილიარდიან ინვესტიციას დააბანდებს, რომელიც არიზონის შტატში ხუთი ახალი საწარმოს მშენებლობას მოხმარდება. ინვესტიცია იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ ის თეთრ სახლში თავად აშშ-ის პრეზიდენტმა წარადგინა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს “შესანიშნავი ნაბიჯია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა კომპანიამ გადადგა”. ამგვარად, TSMC-ის ჯამური ამერიკული ინვესტიცია $165 მილიარდამდე გაიზარდა.

ტაივანური TSMC, რომლის კლიენტებს შორის NVIDIA-სთან და Apple-თან ერთად სხვა დიდ კომპანიებს ვხვდებით, პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელსაც ინვესტორები $897 მილიარდად აფასებენ. TSMC-ზე მიკროჩიპების და ნახევარგამტარების ბაზრის დაახლოებით 66% მოდის, მაგრამ კომპანიის საწარმოები, უმეტესწილად, მშობლიურ ტაივანში არის კონცენტრირებული, რაც ჩინეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე კომპანიის რისკის პროფილს ზრდის.

ტაივანი, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ზოგიერთი კი — ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია პლანეტაზე, რადგან მიკროჩიპების და პროცესორების უმეტესობა სწორედ იქაა წარმოებული. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრია პროცესორებზე დგას, ტაივანი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რომელსაც უდიდესი ეკონომიკა ფინანსურად და სამხედრო კუთხით ეხმარება. დონალდ ტრამპის შეფასებით, აღნიშნული დახმარება ცალმხრივია, ხოლო ტაივანი ამერიკას ისე ექცევა, როგორც სადაზღვევო კომპანიას, რაც ახალ პრეზიდენტს არ მოსწონს.

შედეგად, ტაივანი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დონალდ ტრამპის გეოპოლიტიკურ რუკაზე. ცოტა ხნის წინ, ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებთან სამხედრო შეიარაღების თაობაზე მრავალმილიარდიან კონტრაქტს გააფორმებს, რითაც ორმხრივ ვაჭრობას შეუწყობს ხელს. ახლა კი, დამატებით $100-მილიარდიანი ინვესტიცია დაანონსდა, რომელიც ასევე, პირდაპირ თუ ირიბად, დონალდ ტრამპს და მის პოლიტიკას უკავშირდება. ამასთან, TSMC პირველი კომპანია იყო, რომელმაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “ჩიპების აქტის” ფარგლებში არსებული შეღავათებით ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ TSMC-ის ეს ინვესტიცია არ არის პირველი მასშტაბური ფინანსური გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის პირობებში უშუალოდ პრეზიდენტის მიერ დაანონსდა. როგორც იანვარში გახდა ცნობილი, OpenAI-ის, Oracle-ის და SoftBank-ის $500-მილიარდიანი ინვესტიციით აშშ-ში Stargate-ის სახელით ცნობილი დატაცენტრების კომპლექსი აშენდება, რომლის დახმარებით, წესით და რიგით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. თუკი Stargate-ი მართლა აშენდა, ის აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები