სუს-ის ინფორმაციით, მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. კონტრაქტები ძირითადად მდინარეთა ნაპირდაცვას და გამაგრებას შეეხება. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ბიპი ტრანსი 2012 წელს არის დაფუძნებული, კომპანიამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა და მათი მოგება 2019 წლიდან დაიწყო. უკანასკნელი ტენდერი კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში მოიგო და ის ვანის რაიონში მდინარე რიონის ნაპირაღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში კომპანიას 13.6 მილიონი ლარი გადაუხადეს.
გამოძიების თანახმად, უშუალოდ 4.1 მილიონი ლარის მითვისება უკავშირდება ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის და აღდგენის და ნაპირდაცვით სამუშაოებს. კომპანიას ამ კონტრაქტის ფარგლებში ბიუჯეტიდან 22.5 მილიონი ლარი გადაუხადეს. ეს ამ კომპანიასთან გაფორმებული ყველაზე მსხვილი კონტრაქტი იყო.
ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს წევრია 2017 წლიდან. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი. ამასთან, ვანის საკრებულოს თავმჯდომარე, არის გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავი ალექსანდრე ლილუაშვილი.
თავად პაიკიძე შემდეგი კომპანიების მეწილეა: შპს B.P. TRANS; შპს ბაი ენდ ბ. პ; შპს ჯორჯიან ქონსტრაქშენ; შპს ბ.პ. ბეტონი. პაიკიძემ 2016 წლის აპრილში ქართულ ოცნებას 12,000 ლარი შესწირა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების გარდა, სხვა პროექტებში ქვეკონტრაქტორიც იყო. 2022 წელს მისმა შემოსავალმა 46.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 6 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წელს კი კომპანიის შემოსავალი 53.8 მილიონი ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 12.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს.
სუს-მა ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4.1 მლნ ლარის მითვისების საქმეზე 5 პირი დააკავა, 1 პირი იძებნება




























