ავტომობილების იმპორტიორი კომპანია HOA Auto Import-ის მთავარი მენეჯერი სოსო ჭაკოტაძე აცხადებს, რომ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტზე აქციზის მკვეთრი ზრდა ბაზარზე გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს.
მისი შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების იმპორტზე აქციზი მნიშვნელოვნად იზრდება, ავტომობილებს საგრძნობლად გააძვირებს და მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას შეამცირებს.
არსებული წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟებისას ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება. წარმოდგენილი ცვლილებით კი ეს ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება, რაც აქციზის დაახლოებით 5.6-ჯერ მატებას ნიშნავს.
ჭაკოტაძის თქმით, ასეთ პირობებში მომხმარებლების ნაწილი ავტომობილის შეძენისგან თავს შეიკავებს.
„მომხმარებლები, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებენ, რადგან რეალურად საშუალოდ 9 000-დან 10 000 ლარამდე უწევთ მხოლოდ განბაჟებაში გადახდა. ასეთ შემთხვევაში, ბევრს ურჩევნია ეს თანხა დაამატოს და უფრო ახალი წლოვანების მანქანა შეიძინოს, რომლის განბაჟებაც შედარებით დაბალი ბიუჯეტით ხდება“, – ამბობს სოსო ჭაკოტაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ აქციზის ზრდაზე, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში სხვა დაკავშირებულ მომსახურებებზეც ფასები გაიზარდოს, რაც საბოლოოდ ავტომობილის შეძენის საერთო ხარჯს კიდევ უფრო გაზრდის.




























