საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს ფაქტორინგის შესახებ კანონის პროექტი დაამტკიცეს. დოკუმენტი საჯარო უახლოეს მომავალში გახდება, როდესაც მას ეკონომიკის სამინისტრო განსახილველად პარლამენტს წარუდგენს. დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ქვეყანაში ახალი ფინანსური ინსტრუმენტის მარეგულირებელი ჩარჩოს მიღებაზე BMG-იმ კითხვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაუსვა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ფაქტორინგის შესახებ კანონმდებლობის მიღებით, ქართულ ბიზნესებს დაფინანსების ახალ, ალტერნატიულ წყაროზე გაუჩნდებათ წვდომა. მინისტრის განცხადებით, უნდა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, რაც ფაქტორინგული დაფინანსებების გაცემას გახდის შესაძლებელს, ეს კი თავის მხრივ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის მოცულობას გააფართოებს.
“ფაქტორინგის კანონპროექტი შევა ახლა პარლამენტში, მთავრობამ უკვე დაამტკიცა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, როდესაც ჩვენ საშუალო და მსხვილ ბიზნესებს ვაძლევთ საშუალებას დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე მარტივად ჰქონდეთ წვდომა. იცით რომ მათ დებიტორული დავალიანებები განათავსონ კონკრეტულ პლატფორმაზე, შეიქმნებიან ფაქტორინგული კომპანიები რომლებიც შესაბამის აღიარებას მიიღებენ ეროვნული ბანკიდან. რამდენადაც ჩვენ შევქმენით პრეცედენტი ამ კანონით, მხოლოდ ფაქტორინგის მონაწილე მხარეების მონაწილეების დარეგულირება, არამედ გათვალისწინებულია ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნა და ბევრ ფაქტორინგულ კომპანიებს შეეძლებათ ვაჭრობა და კომპანიებს შეეძლებათ საკუთარი დავალიანებების გაყიდვა და ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ზრდის,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფაქტორინგი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით ბანკს შეუძლია, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს, შესაბამისად აღნიშნული დავალიანების გაყიდვით, კომპანიას შემოსავლის წინმსწრებად მიღება შეეძლება. შესაბამისად, ეს ინსტრუმენტი მომავალში მისაღები კომერციული შემოსავლის წინმსწრებად დაგირავებას წარმოადგენს.
ფაქტორინგი ძირითადად ისეთ ბიზნეს საქმიანობაში გამოიყენება, როგორიცაა წარმოება, საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია, მშენებლობა, ჯანდაცვა ან ფარმაცევტული კომპანიისა და ტრანსპორტის კომპანიების საქმიანობა, თუმცა ამ პროდუქტის გამოყენება სხვა სექტორებში მოღვაწე კომპანიებსაც შეუძლიათ.