"საქართველოს ამბიცია აქვს, ფინანსური მომსახურების რეგიონალური ცენტრი გახდეს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დღეს, TBC Capital-ის ორგანიზებით გაიმართა.
ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ სურათში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მთავარ ასპექტებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და „შუა დერეფნის“ როლის მორგებით, საქართველოს ამბიცია აქვს, ფინანსური მომსახურების რეგიონალური ცენტრი გახდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში საშუალო კლასისა და დოვლათის ზრდას შეუძლია მეტი გრძელვადიანი კაპიტალის მობილიზება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ყველა პარამეტრი არსებობს იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარი გააქტიურდეს, ამ პროცესის მხარდასაჭერად კი მთავრობა შესაბამის პოლიტიკას ატარებს
„ასევე ვითარდება ორი დიდი მაკროეკონომიკური ტენდენცია, რომელიც მოითხოვს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საქართველოს ეკონომიკა განიცდის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, ერთის მხრივ, სახეზეა გრძელვადიანი შიდა კაპიტალის დაგროვების ტენდენცია, რომელიც გამოწვეულია საპენსიო და სადაზღვევო რეფორმებით და მეორე მხრივ, იზრდება მოთხოვნა გრძელვადიან კაპიტალზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი განვითარების პოლიტიკით. ამ ორი მიმდინარე ტენდენციის დასაკავშირებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კაპიტალის გრძელვადიანი განაწილების ეფექტური მექანიზმების შემუშავება. სწორედ ამ მიზნის მიღწევა არის საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.