მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას შეცვლის საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფო მონაწილეობის ზრდა? - რატი მორჩილაძის შეფასება

ფორსაითი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას გაზრდილი წილით შეძლებს - არსებული 25%-ის ნაცვლად 40%-ის ოდენობით. კანონპროექტის ავტორების თანახმად, ცვლილებები გამოიწვევს საინვესტიციო ფონდების ბაზრის მეტად სტიმულირებას, რამდენადაც დღეს მოთხოვნა სახელმწიფოს მონაწილეობაზე უფრო დიდია ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული.

კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ინიციატივას დადებითად აფასებს. როგორც Foresight Investment Group-ის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, რატი მორჩილაძემ BMG-ის განუცხადა, საინვესტიციო ფონდები საქართველოს ბაზარზე ჯერჯერობით სიახლეა, ამიტომ ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია.

რატი მორჩილაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო კაპიტალის ფონდების საქმიანობის განვითარება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საბანკო დაფინანსების ალტერნატივაა.

“დაახლოებით ხუთი წელია, რაც საინვესტიციო ფონდებმა და აქტივების მმართველებმა რეგისტრაცია და საქმიანობა დაიწყეს. ცალსახაა, რომ საჭიროა მეტი ხელშეწყობა იმისთვის, რომ განვითარდეს ეს მიმართულება. მოგეხსენებათ, ორი ძირითადი ბენეფიტი აქვს ფონდების განვითარებას - ეს არის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომის ზრდა ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობის ლიმიტის ზრდას, რასაც ცალსახად პოზიტიურად შევაფასებდი. დღეს შედეგი სახეზეა, რომ საკმაოდ უჭირთ ფონდებს დაფინანსების მოძიება, როგორც ადგილობრივი ინვესტორებისგან, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან და იმისთვის, რომ მოცულობა და მასშტაბი გაიზარდოს, საჭიროა, რომ სახელმწიფომ ამას ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმებით.

ერთ-ერთი ფორმაა, რომ სახელმწიფო პირდაპირ შეიძლება გახდეს ლიმიტირებული პარტნიორი, ასე ჰქვია საერთაშორისო ტერმინოლოგიით და დღეს საუბარია 25%-იანი ლიმიტიდან 40%-ზე ზრდაზე, რაც პოზიტიურია იმიტომ, რომ შემდეგ გააადვილებს იმ დანარჩენი 60%-ის მოზიდვასაც, როგორც ადგილობრივი ინვესტორებისგან, ასევე ეს შეიძლება იყვნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც.

როცა კერძო კაპიტალის ფონდზე ვსაუბრობთ, ანუ ისეთ ფონდზე, რომელიც კომპანიის წილში შევა და საერთოდ სხვა ტიპის დაფინანსებას მიაწვდის ეკონომიკას, კიდევ უფრო რთულია აი ასეთი ინსტრუმენტის განვითარება და აქ სახელმწიფოს ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ეს მექანიზმიც მგონია, რომ კარგად შეუწყობს ხელს კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებას”, - განაცხადა რატი მორჩილაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების ბაზარზე ოპერირებდა 8 რეგისტრირებულ/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო ფონდების ჯამური აქტივების ზომა კი 200 მილიონი ლარი იყო, რომელიც 19 საინვესტიციო ფონდში იყო აკუმულირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები