მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას სიახლეებს ვიხილავთ Apple-ის 4 მარტის ღონისძიებაზე?

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი 4 მარტს გაზაფხულის ტრადიციულ პრეზენტაციას გამართავს. როგორც ირკვევა, წლის პირველი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი ბიუჯეტური iPhone 17e იქნება.

მოდელი შარშანდელ iPhone 16e-ს ჩაანაცვლებს და სავარაუდოდ, იმავე ფასად, $599 დოლარად იქნება ხელმისაწვდომი. განახლებულ ტელეფონში Apple-ი ბოლო თაობის, A19 პროცესორს ჩააშენებს. ასევე ვიხილავთ MagSafe ტექნოლოგიასა და დინამიური კუნძულის დიზაინს, რომელიც პირველად 2022 წელს პრემიუმ კლასის მოდელებში გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანია სრულიად ახალ, დაბალბიუჯეტიან MacBook-საც წარმოადგენს. არსებული ინფორმაციით, ახალი საბაზისო ლეპტოპის ფასი $1,000-ზე ნაკლები იქნება. მთავარი განსხვავება იქნება ის, რომ ბიუჯეტური Macbook-ი არა ტრადიციულ M სერიის ჩიპზე, არამედ iPhone A18 Pro-ს პროცესორზე იმუშავებს. ეს სტრატეგიული ცვლილება წარმოების ხარჯების შემცირებას ემსახურება, რათა უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტით Apple-მა შეძლოს იმ სეგმენტზე გასვლა, რომლისთვისაც M სერიის ჩიპების სიმძლავრე რეალურად საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც Mac-ის კომპიუტერები ძვირადაა შეფასებული მათი პროცესორული შესაძლებლობებია, რაც ხშირად მკვეთრად აღემატება ჩვეულებრივი მომხმარებლის საჭიროებებს. Apple-ში მოელიან, რომ ბიუჯეტურ Macbook-ს ძირითადად სტუდენტები და კორპორაციული სექტორის წარმომადგენლები შეიძენენ.

აღსანიშნავია, რომ, ღონისძიებაზე არსებული კომპიუტერების, კერძოდ, M ჩიპებზე მომუშავე Macbook-ების პროცესორულ განახლებასაც ვიხილავთ. 14 და 16-ინჩიან MacBook Pro-ებში მძლავრი M5 Pro და M5 Max ჩიპები ჩაშენდება, ხოლო MacBook Air სტანდარტულ M5 პროცესორზე გადავა. ამასთანავე, მე-12 თაობის iPad-ი A18 პროცესორით აღიჭურვება და Apple Intelligence-ის მხარდაჭერა ექნება. iPad Air-ი კი სავარაუდოდ M4 პროცესორს მიიღებს.

გაზაფხულზე ღონისძიების ჩანიშვნით Apple-ი ცდილობს, 2026 წლის განმავლობაში პროდუქტების გამოშვება სტრატეგიულად გადაანაწილოს. ამ პერიოდში ბიუჯეტური მოდელებისა და პროცესორების განახლებით, ხოლო სექტემბერში ფლაგმანური მოდელების წარდგენით, კომპანია ფინანსური ნაკადების სტაბილიზაციას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები