ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ავტონომიური აგენტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლის სახელით სხვადასხვა დავალებას დამოუკიდებლად შეასრულებს.
Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის გეგმები ამ კვირაში ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან გახდა ცნობილი. ერთ-ერთ განცხადებაში Apple-ი AI-ასისტენტის მიმართულებით უფროს საინჟინრო მენეჯერს ეძებს.
აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა კოდის დაწერას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, აპლიკაციების მართვასა და მოწყობილობებში ნავიგაციას შეძლებს. ამ ნაბიჯით Apple-ი სწრაფად მზარდ ბაზარზე შესვლას გეგმავს, სადაც პოზიციებს OpenAI, Anthropic და Meta იმყარებენ.
პარალელურად, AI-ბაზარზე აქტიურად ვრცელდება ინსტრუმენტები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს Mac-ის კომპიუტერების მართვისა და პროგრამირების შესაძლებლობას აძლევს. სავარაუდოდ, Apple-ი ამ სეგმენტის ათვისებასაც შეეცდება.
ცნობისთვის, ამ მიმართულებით ბოლო თვეებში განსაკუთრებულ წარმატებას Meta-ს აპლიკაცია Muse-მა მიაღწია, რომელიც Apple-ის App Store-ის უფასო აპლიკაციების რეიტინგში TikTok-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. Muse-მა მომხმარებელთა ყურადღება რესტორნების დაჯავშნის, მოგზაურობის დაგეგმვისა და საინფორმაციო მიმოხილვების მომზადების ფუნქციებით მიიპყრო.
























