მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

nvidia

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს საბაზრო შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის ფინანსურმა პროგნოზმა ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მოთხოვნის სტაბილურობაში დარწმუნდა.

კომპანიის შემოსავალმა $96.22 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $92.17 მილიარდს მნიშვნელოვნად აღემატება. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $46.7 მილიარდს შეადგენდა.

კვარტალური წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და $53.95 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც გასულ წელს $24.7 მილიარდი ფიქსირდებოდა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $2.22 შეადგინა, რაც ასევე აღემატება მოსალოდნელ $2.10-ს.

როგორც ირკვევა, შემოსავლების უდიდესი ნაწილი მონაცემთა ცენტრების სეგმენტზე მოდის. აღნიშნულმა მიმართულებამ კომპანიას $89 მილიარდი მოუტანა, რაც წლიურ ჭრილში 117%-იან ზრდას ნიშნავს.

რეკორდულ შედეგებთან ერთად, ფინანსურმა დირექტორმა, კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ 2028 ფისკალური წლისთვის შემოსავლების 70%-იან ზრდას ელოდებიან. კომპანიის გენერალური დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განმარტებით კი, რეალური მოთხოვნა ამ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება, თუმცა პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობები შეზღუდულია. პრობლემას უმთავრესი პარტნიორის, TSMC-ის წარმოების სიმძლავრეების ნაკლებობა და მეხსიერების ჩიპების დეფიციტი ქმნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილმა პროგნოზმა ბაზარზე არსებული შიშები გააქარწყლა. ჰუანგის თქმით, ტექნოლოგიამ გარდამტეხ წერტილს უკვე მიაღწია, რადგან იმ სუბიექტების რაოდენობა, რომლებსაც გრაფიკული პროცესორების დიდი კლასტერები სჭირდებათ, მკვეთრად გაიზარდა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე კომპანიის აქციების ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა, საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $5.5 ტრილიონს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები