ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი Nvidia ტექნოლოგიური სექტორის გლობალურ საინვესტიციო გიგანტად ყალიბდება. გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიის წილობრივი ინვესტიციების ღირებულება ათჯერ გაიზარდა და უახლესი მონაცემებით $99 მილიარდს მიაღწია.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში კაპიტალის განთავსება Nvidia-სთვის მთავარ სტრატეგიულ ინსტრუმენტად იქცა. მაგალითად, აგვისტოში კომპანიამ მსხვილ საინვესტიციო ფონდებთან პარტნიორობა გამოაცხადა, რაც Nvidia-ს გრაფიკული პროცესორებისთვის $500 მილიარდზე მეტი დაფინანსების მობილიზებას ითვალისწინებს. ამასთან, კომპანიამ OpenAI-ს ოჰაიოს მონაცემთა ცენტრისთვის $105 მილიარდამდე პირობითი საკრედიტო მხარდაჭერა გამოყო, ხოლო 3 სექტემბერს AI სტარტაპ Hugging Face-ის $13 მილიარდად შეძენის შესახებ განაცხადა.
ამას გარდა, Nvidia-მ მსხვილი ინვესტიციები განახორციელა წამყვან AI ლაბორატორიებსა და ღრუბლოვან პროვაიდერებში. ჯამში, AI-სტარტაპებში $50 მილიარდზე მეტი ჩაიდო, საიდანაც $30 მილიარდი OpenAI-ს $110-მილიარდიან დაფინანსების რაუნდს მოხმარდა. სპეციალიზებულ ღრუბლოვან პროვაიდერებს შორის CoreWeave-მა და Nebius-მა მარტამდე $2-2 მილიარდის ინვესტიცია მიიღეს.
ასევე, მარტის შემდეგ Nvidia-მ მინიმუმ $6.5 მილიარდი გამოყო ფოტონიკისა და ოპტიკური ტექნოლოგიების დეველოპერებისთვის, საიდანაც Lumentum-მა, Coherent-მა და Marvell-მა $2-2 მილიარდი მიიღეს. პარალელურად, Intel-ში განხორციელებული $5-მილიარდიანი ინვესტიციის ღირებულება $30 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო SpaceX-ში ნაყიდი წილი ივნისის მდგომარეობით $21 მილიარდად შეფასდა.
ექსპერტების შეფასებით, პირდაპირი ინვესტიციებით Nvidia პარტნიორებსა და კლიენტებს საკუთარი GPU-ების შესაძენად საჭირო კაპიტალით უზრუნველყოფს, რაც კომპანიის ფართო ეკოსისტემას აძლიერებს.




























