ქართული ტექ-სტარტაპ Biliki App-ის დამფუძნებლებმა მსოფლიოში პირველი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ეკომეგობრული ტურიზმის პლატფორმა Biliki.AI შექმნეს, რომლის Beta ვერსიაც სულ 4 დღეა, რაც ამოქმედდა.
მდგრადი მოგზაურობის გზამკვლევით ნებისმიერ მოგზაურს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეკომეგობრული ტურის დაგეგმვა შეუძლია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ Biliki.AI-ზე შესვლა, მგზავრობის მიმართულების, ბიუჯეტისა და ხანგრძლივობის მითითება და 30 წამში ხელოვნური ინტელექტი თქვენზე მორგებულ ეკომეგობრულ მარშრუტს შექმნის. პლატფორმა გეტყვით, თუ რამდენად ეკომეგობრულია თქვენი ტური, ნახშირბადის კალკულატორი კი დაგითვლით, თუ რამდენი ტონა ნახშირბადი დაიზოგება ჩვეულებრივ ტურთან შედარებით. Biliki.AI მდგრად სასტუმროებსაც შემოგთავაზებთ და მოსანახულებელი ადგილებისა და ობიექტების რუკასაც შეადგენს.
პლატფორმის შექმნის იდეასა და ბიზნეს მოდელზე BMG-სთან მისი აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე ცირამუა საუბრობს.
“ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღესდღეობით რამდენიმე მილიარდიანი ბაზარია, რომელიც იმდენად სწრაფად იზრდება, რომ რთულად პროგნოზირებადია რამდენიმე წელში რა ეღირება. მდგრადი ტურიზმის მიმართაც მზარდია ინტერესი, დაახლოებით 580 მილიარდიანი ბაზარია, კოლოსალურ თანხებზეა საუბარი. გარდა ამისა, მოგზაურთა 76% ეკომეგობრულ ტურებს ამჯობინებს, რაც შეიძლება ჯანსაღ, მავნე ნივთიერებებისგან დაცლილ მოგზაურობას.
დღეს ყველა ტურისტული ტექკომპანია, და არა მარტო, მდგრად ტურიზმზე გადადის, რადგან მივდივართ გააზრებამდე, რომ პლანეტაზე ზრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოშიც შეინიშნება ამ მიმართულებით პროგრესი”, - ამბობს თორნიკე ცირამუა.
დამფუძნებლის თქმით, პლატფორმაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამოქმედებიდან 4 დღეში, Biliki.AI-ის საშუალებით 1000-მდე ტური დაგენერირდა საქართველოსა და მსოფლიოში.
რაც შეეხება სტარტაპის ბიზნეს მოდელს, Biliki.AI Booking.com-ის აფელირებული პროგრამის წევრია, რის დამსახურებითაც პლატფორმა მომხმარებლებისთვის სრულიად უფასო რჩება: “როდესაც Biliki-ის გავლით Booking-ზე სასტუმროს ჯავშნით, საკომისიო მათგან შემოდის და მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა. ამავე მოდელით იმუშავებს ფუნქციონალი, რომელსაც უახლოეს თვეებში დავამატებთ”.
პლატფორმას სულ მალე დაემატება მოგზაურობის ეკომეგობრული ასისტენტი - Leaf Bot - რომელიც ტურის დაგეგმვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს გახდის. თორნიკე ცირამუას თქმით, ხელოვნური ინტელექტი აუდიო გიდის, ავიაბილეთების დაჯავშნის, შერჩეულ მიმართულებებზე გამართული ღონისძიებების მოძებნისა და ავტომობილების დაჯავშნის სერვისების ინტეგრაციის საშუალებასაც აჩენს და ეს სწორედ ის ფუნქციებია, რომლებიც Biliki.AI-ის უახლოეს თვეებში დაემატება.
აღსანიშნავია, რომ Biliki.AI-ის პირველი წარდგენა ბათუმში, ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალზე, “ტურისტერი 2023”, მოხდა. კომპანია უკვე გეგმავს რებრენდინგს და საზოგადოების წინაშე სულ მალე ახალი ვიზუალით წარდგება.