თბილისიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე მდებარე ტურისტული ობიექტის "კიკეთის ფერმა" კომუნიკაციების მენეჯერი, ლიზა მეფარიშვილი აზიელი ტურისტების გააქტიურებაზე საუბრობს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" ისაუბრა.
მისი თქმით, ფერმას, რომელსაც განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები ქმნიან, აქტიურად სტუმრობენ ტურისტები აზიური ბაზრებიდან - ჩინეთიდან, იაპონიიდან და ინდოეთიდან.
ამ დროისთვის ფერმა 80-მდე ადამიანს ასაქმებს და, როგორც ლიზა მეფარიშვილი აღნიშნავს, პროექტის უკან დგას განსხვავებული თაობის და ინტერესების მქონე გუნდი, რომლებიც სინერგიაში ქმნიან “კიკეთის ფერმის” უნიკალურ კონცეფციას – ბუნებასთან, გემოვნებასთან და გამოცდილებასთან ახლოს.
მისი ინფორმაციით, "კიკეთის ფერმა" სტუმრებს 15 განსხვავებული ტიპის სასტუმრო ნომერს სთავაზობს. მათ შორისაა ოდა სახლები და ხის კოტეჯები, რომლებიც უკვე 6 თვეა ფუნქციონირებს.
"ნომრების დიზაინი და კონცეფცია სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი. სტანდარტულ ნომერში განთავსების ღირებულება საუზმით – ორ ადამიანზე – 320 ლარიდან იწყება, ხოლო სპეციალური ტურისტული პაკეტები, რომელშიც შედის აქტივობებიც, 420 ლარიდან.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში: ცხენის ტურები, იოგა, მასტერკლასები (მათ შორის ხინკლის მომზადება, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია), ღვინის დეგუსტაცია და სხვა. ზოგიერთი აქტივობა უფასოა და შაბათ-კვირას განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამა ეწყობა”, - თქვა მან.
ფერმის ტერიტორიაზე რამდენიმე რესტორანი და ასევე, მარანი ფუნქციონირებს, სადაც 6 სახეობის ადგილობრივი ღვინო იწარმოება. მეფარიშვილის თქმით, ეს ღვინოები წარმატებით იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ინფორმაციისთვის, თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, 1100 მეტრზე, საბჭოთა პერიოდის ფერმამ ახალი ფუნქცია შეითავსა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ, სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ. ტერიტორიაზე, რომელიც 10 ჰექტარზეა გაშლილი, დღეისათვის ფუნქციონირებს: მარანი, თავლა, აბანო, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე, ვარდების სანერგე მეურნეობა, რესტორანი, ორი კაფე, გალერეა, იოგას სახლი, სასტუმრო იპოდრომი, სასტუმრო კონტეინერი და ორი ხეზე სახლი.




























