რას სთავაზობს თბილისის მერია ინვესტორებს იმისთვის, რომ დედაქალაქში ინვესტიციები განახორციელონ და ქალაქი მეტად მიმზიდველი გახდეს? - ამ კითხვით მიმართა BMG-იმ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ვახტანგ ლომჯარიას, რომელიც თბილისის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.
„თბილისი არის ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი. ეს ძალიან კარგი საფუძველია ინვესტიციისთვის და ახალი ბიზნესის გახსნისთვის. საკუთრების უფლება არის დაცული - უკეთესი ბიზნესგარემო ვერ იქნება. ჩვენი ფუნქცია და ვალი არის, რომ ხელი შევუწყოთ როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესს და ასევე ხელი შევუწყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რომელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, მაგრამ არა ისეთი საკითხები, რაც შეიძლება ადრე პრობლემა იყო, მაგრამ ახლა დღეს ბოლომდე სრულად არის დაცული. ეს არის საუკეთესო ბიზნესის კეთებისთვის“, - თქვა ლომჯარიამ.
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით - „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ იმართება. ორდღიან ფორუმზე განიხილება ისეთი ტიპის საკითხები, როგორებიცაა: ეკოტრანსპორტი და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევის სტრატეგიები და სხვა.