ონლაინ სწავლების მობილური აპლიკაცია Wenroll-ი 2021 წელს შეიქმნა და ამ დრომდე პლატფორმა 50-ზე მეტ სასწავლო კურსს, სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტის მონაწილეობით აერთიანებს - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ვენროლის” დამფუძნებელი ნანუკა ჭავჭანიძე საუბრობს.
“Wenroll მობილური სასწავლო აპლიკაციაა, რომელიც დაკავებული ადამიანებისთვის შეიქმნა. მათთვის, ვინც მუდმივად არიან ორიენტირებული თვითგანვითარებაზე და ეძებენ ინფორმაციის მიღების სხვადასხვა წყაროს, უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზებს და ა.შ.
“ვენროლში” სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ვქმნით კურსებს. იქნება ეს პიროვნული განვითარება, ფინანსები, ჯანსაღი კვება თუ სხვა საკითხები, მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ”, - განმარტავს ნანუკა ჭავჭანიძე.
“ვენროლით” სარგებლობის ღირებულება ყოველთვიური გამოწერის სისტემას ეფუძნება. შესაბამისად, ყოველთვიური ერთჯერადი გადასახადით პლატფორმაზე სრული წვდომა ეძლევათ.
“გამოწერა არის ძალიან ხელმისაწვდომი - თვეში 29 ლარად მომხმარებელს წვდომა აქვს აბსოლუტურად ყველა კურსზე. ამ ეტაპზე აპლიკაციაში 50-ზე მეტი კურსია განთავსებული და ეს რაოდენობა ყოველკვირეულად იცვლება. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერმა მსურველმა კურსი მისთვის სასურველ დროს, გზაში, სეირნობისას, რუტინული ან საოჯახო საქმიანობისას გაიაროს”, - განმარტავს “ვენროლის” დამფუძნებელი.
პლატფორმის კონკურენტულ უპირატესობებზე საუბრისას, ნანუკა ჭავჭანიძე განმარტავს, რომ “ვინროლის” გუნდი აპლიკაციაში განთავსებულ კონტენტზე დამოუკიდებლად მუშაობს, შესაბამისად, ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ისინი იღებენ.
“გარდა იმისა, რომ ჩვენი მობილური აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ძალიან მოსახერხებელი ფორმატით, ნებისმიერ ადგილას მოუსმინონ სასურველ კურსს, ჩვენ ჩვენს კონტენტს თვითონ ვქმნით. “ვენროლი” არ არის პლატფორმა, რომელზეც საკუთარი კურსის განთავსება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისად, ხარისხზე პასუხისმგებლები თავად ვართ”, - ამბობს ჭავჭანიძე.
“ვენროლს” ერთთვიანი გამოწერის სერვისის გარდა 6-თვიანი და ერთ წლიანი პაკეტებიც აქვს, რომელთა ღირებულებაც, საახალწლო აქციის ფარგლებში, შესაბამისად, 59 და 99 ლარია.