მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს $500-მილიარდიანი Stargate-ი, რომელიც აშშ-ში შენდება?

Stargate

ამერიკის შეერთებულ შტატებში ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების, OpenAI-ის, Oracle-ის და SoftBank-ის მესვეურები დონალდ ტრამპის ვაშინგტონის რეზიდენციაში შეიკრიბნენ, სადაც პრეზიდენტმა Stargate-ის სახელით ცნობილი მეგაპროექტი წარადგინა, რომლის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი ტრილიონი დოლარი იქნება.

პროექტი, რომელშიც ზემოხსენებული კომპანიები თანაბარი პარტნიორები იქნებიან, ანუ 33%-იან წილს დასჯერდებიან, OpenAI-ისთვის ამერიკის შეერთებული შტატებში ახალი AI-ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, სემ ოლტმენის, ლარი ელისონის და მასაიოში სონის გარდა, ტეხასის შტატში მიმდინარე მშენებლობაში ჩართული იქნება, როგორც Microsoft-ი, ასევე Arm-ი და NVIDIA — თითოეული მათგანი კი, დატაცენტრების კომპლექსს საკუთარ ნოუჰაუს შესძენს. Oracle-ის დამფუძნებლის და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ლარი ელისონის თქმით, ათი დატაცენტრის მშენებლობა უკვე დაიწყო, მაგრამ კომპანიები აქ არ ჩერდებიან და მომდევნო წლებში, დატაცენტრებს ქვეყნის სხვა შტატებშიც ააშენებენ, რითაც, წესით და რიგით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

დღეს, ამ თემაზე თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა. დონალდ ტრამპის შეფასებით, ამ ინვესტიციის მთავარი მიზანი კრიტიკულ ტექნოლოგიად მიჩნეული ხელოვნური ინტელექტის ამერიკის ხელში განვითარებაა, რადგან ამ მხრივ, ბოლო წლებში, ჩინეთიც დომინირებს. პრეზიდენტის თქმით, AI-ის განვითარება მისთვის იმდენად პრიორიტეტულია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძალას არ დაიშურებს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დატაცენტრი აშენდეს. ამ თემაზე, სხვათა შორის, OpenAI-ის დამფუძნებელმა სემ ოლტმენმაც ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ პროექტი მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მილიარდერების ამ წამოწყებას მალევე პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის მრჩეველი, ილონ მასკი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი ვერ შედგებოდა, რადგან ინვესტორებს საკმარისი ფული არ აქვთ. მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთმა მთავარმა დამფინანსებელმა, იაპონურმა SoftBank-მა მხოლოდ $10 მილიარდი მოაბილიზა, რაც $500-მილიარდიანი პროექტისთვის არასაკმარისია. მოგვიანებით, ილონ მასკს OpenAI-ის დამფუძნებელმა, სემ ოლტმენმა უპასუხა, რომელმაც ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და ილონ მასკს ურჩია, საკუთარი თავის წინ ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა. თუმცა კი, სემ ოლტმენმა ისიც თქვა, რომ ილონ მასკი, მისი შეფასებით, ამ თაობის ყველაზე შთამაგონებელი ანტრეპრენიორია.

ილონ მასკს და სემ ოლტმენს შორის არსებული ეს კამათი, გარკვეულწილად, მილიარდერებს შორის დღემდე მიმდინარე დაპირისპირებას ეხება, რომლის ქვაკუთხედი OpenAI-ია — ხელოვნური ინტელექტის კომპანია, რომელიც ანტრეპრენიორებმა ერთად დააფუძნეს. მოგვიანებით, ილონ მასკს და სემ ოლტმენს შორის AI-ის განვითარების თაობაზე ფილოსოფიური შეუთანხმებლობა გაჩნდა, რამაც მასკს ორგანიზაცია დატოვება აიძულა. მილიარდერს არ სურდა, OpenAI მოგებაზე ორიენტირებული კომპანია ყოფილო, რაც სემ ოლტმენის აშკარა სურვილი იყო, რომელსაც მილიარდერმა მიაღწია. მას შემდეგ, ილონ მასკმა საკუთარი AI-კომპანია შექმნა, რომელსაც xAI დაარქვა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დატაცენტრების სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან, რადგან ფაქტობრივად ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც დღეს ვიყენებთ, ქლაუდთან არის დაკავშირებული, ხოლო მონაცემებს, რომლებიც ციფრულად ქლაუდში ინახება, ფიზიკურად — დატაცენტრებში ვხვედებით. ამასთან, სწორედ დატაცენტრებში ხდება ხელოვნური ინტელექტის დასწავლა, ანუ რაც უფრო მეტი მძლავრი დატაცენტრი ექნება ამა თუ იმ კომპანიას, მით უფრო მძლავრი მოდელის შექმნას შეძლებს ის, რაც, ცხადია, როგორც წესი, დადებითად აისახება, როგორც შემოსავალზე, ასევე მოგებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები