ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო, რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი MRB Bank-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
MRB Bank-ი ანუ Международный Расчетный Банк-ი წარმოადგენს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 2015 წელს დაფუძნებულ ბანკს, რომელმაც 2017 წლის აპრილში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკისგან საქმიანობის ლიცენზია მიიღო. ბანკის ვებგვერდზე არაა გამოქვეყნებული არავითარი ფინანსური ინფორმაცია შესაბამისად უცნობია თუ რა ზომისაა ის და რა შემოსავლები ჰქონდა მას გასული წლების განმავლობაში.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი წერს, რომ ფულის გათეთრების სქემა ორკესტრირებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ, რომლის ნებართვითაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში MRB Bank-ი დაფუძნდა და ამ ბანკის მეშვეობით მილიონობით დოლარის ოპერაციები შესრულდა კლიენტებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ.
საქმეში ჩართული იყო რუსეთის TSMRBank-იც, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი ნიკულინი პირადად ახდენდა სამხრეთ ოსეთის ბანკში მილიონობით დოლარის ნაღდი ფულის შეტანას, რომელიც შემდგომ ჩრდილოეთ კორეაში გადაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ MRB ბანკი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით 2023 წლის ივნისში იქნა სანქცირებული, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკთან, ლუგანსკთან და ზაპოროჟიესთან გადარიცხვებს უკავშირდებოდა.
2024 წლის თებერვალში ნიუ იორკ თაიმსმა დაწერა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ფულის გასათეთრებლად სამხრეთ ოსეთის ბანკში ანგარიში გაუხსნა.