საფინანსო სექტორში ცვლილებებია. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პარალელურად, ბაზარზე მიკრობანკები გამოჩდნენ. ამ ეტაპზე შესაბამის ლიცენზიას ორი კომპანია - MBC და „კრისტალი“ ფლობს.
როგორც MBC-ში BMG-ის განუცხადეს, გაზრდილი მანდატი და სესხის გაცემის ლიმიტი მათ საშუალებას აძლევს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაზარდონ. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაკრედიტების დაბალი ზღვრის გამო აქამდე იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები ბანკებში გადადიოდნენ.
ამასთან, გია პეტრიაშვილის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ მიკრობანკებისთვის დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა მომავალში სასესხო პროდუქტებს გააიაფებს. თუმცა მისი თქმით, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„მიკრობანკები უკვე არსებულ მომხმარებელს მომსახურების უფრო ფართო სპექტრს შესთავაზებენ. ჩვენ უკვე დავიწყებთ 100 ათას ლარზე მეტი მოცულობის სესხების გაცემა. მოთხოვნა არის. იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ვკარგავდით ხოლმე მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა სურვილი უფრო მეტი მოცულობის სესხი მიეღო და კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლები იძულებულები იყვნენ, რომ კომერციული ბანკებისთვის მიემართათ. ახლა ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ გავყვეთ მომხმარებლის მოთხოვნებს.
არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიკრობანკში სესხები უფრო იაფი უნდა იყოს, ვიდრე ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში იყო, თუმცა ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ მიკრობანკები თავიანთი რესურსების გაიაფებას, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთზეა დამოკიდებული თუმცა იმედი გვაქვს, რომ უკვე წლის ბოლოს ჩვენს მომხმარებლებს მათთვის უკვე ნაცნობ პროდუქტებზე უფრო მათთვის უფრო ხელსაყრელ ფასებს შევთავაზებთ|, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი ტიპის საფინანსო ორგანიზაციების, მიკრობანკების მთავარი სეგმენტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაა. მათ უფლება აქვთ მომხმარებელზე 1 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები გასცემენ, ასევე დეპოზიტებიც მიიღონ.




























