მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას უკავშირდება ენერგეტიკულ ბირჟაზე დაბალი აქტივობა - ლევან ვეფხვაძის შეფასება

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე დაბალი აქტივობა რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული.

საქმე ისაა, რომ 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2024 წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა ეს მოცულობა ქვეყნის საერთო ენერგომოხმარების დაახლოებით მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ამასთან, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ ყოფილა.

როგორც ვეფხვაძემ BMG‑ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, ბირჟაზე შედარებით ნაკლები აქტივობაა ელექტროენერგიის მიმწოდებლების, გენერაციის ობიექტების მხრიდან, რაც მისი თქმით, მათ შორის ტრანზაქციების მაღალ ხარჯებს უკავშირდება.

“ენერგეტიკულ ბირჟაზე უფრო მეტი აქტივობა არის მომხმარებლების მხრიდან და არა მიმწოდებლების, რაც ბევრ ფაქტორს უკავშირდება. ზოგადად მიმწოდებლებმა, ერთი მხრივ, კარგად ვერ აღიქვეს [ბირჟა] გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მაინც განახლებადი ენერგიის წყაროებზე ვართ ორიენტირებული, უბალანსობის თემა როგორ შეიძლება მოგვარდეს მას შემდეგ, რაც ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება.

მეორე თემაა, ტრანზაქციების ხარჯი თვითონ გენერაციის ობიექტისთვის რამდენად სარგებლის მომტანია. იმიტომ, რომ ხარჯი ემატება იმ პოტენციურ სარგებელს, რომელიც დღეს ამ ეტაპზე შეიძლება გენერაციის მხარეს ჰქონდეს, ფასიდან გამომდინარე. ამიტომ არ არის მაღალი ინტერესი, განსაკუთრებით მიწოდების მხარეს, გენერაციის ნაწილში ძირითადად ვგულისხმობ და შესაბამისად არ არის ის აქტივობა, რომელიც უნდა იყოს.

ზოგადად, ზამთრის პერიოდში ჩვენ თავისუფალ ბაზარზე დენის დეფიციტი გვაქვს, იმიტომ რომ სადგურების დიდი ნაწილი არის ჩართული სქემებში, რომლითაც სავალდებულო წესით უნდა მიაწოდონ ესკოს ელექტროენერგია. ამიტომ თავისუფალი დენის დეფიციტი აისახება ასევე ბირჟაზეც. ეს დამატებითი ფაქტორია, რომელიც ალბათ ნეგატიურად აისახება ამ ეტაპზე ბირჟაზე, გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფალი დენი არ რჩება ამ პლატფორმაზე სავაჭროდ”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, ვიდრე 2027 წელს ენერგეტიკული ბირჟა სრულად გაიხსნება, ენერგეტიკის დარში არაერთი საკითხი იქნება მოსაგვარებელი.

“ზოგადად ჩვენ ცოტა აცდენა გვაქვს გენერაციის ობიექტების წახალისების სქემასა და ბირჟის ამ მოდელს შორის. იმიტომ, რომ ბირჟის დღევანდელი მოდელი რაც მოქმედებს დაფუძნებულია დენის ღირებულებაზე, ანუ ფასს განსაზღვრავს ღირებულება, რა ჯდება ელექტროენერგიის წარმოება. ბირჟა ამაზე არ არის დაფუძნებული, ბირჟა დაფუძნებულია მოთხოვნა-მიწოდების კლასიკურ მოდელზე - როცა არის მაღალი მიწოდება, მაშინ ღირებულება მოდის დაბლა.

ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის გენერაციის სადგურები, რომელთა გამომუშავების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სიჭარბის თვეებს დაემთხვევა - ეს იქნება მაისი, ივნისი, როცა ჰიდროც და მზეც პიკურ გამომუშავებაზე იქნება. ერთი იქიდან გამომდინარე, რომ მაისი-ივნისი ისტორიულად მაღალმთიან რეგიონებში თოვლის დნობის პერიოდია და ამავდროულად წვიმიანი პერიოდია. მზის ნაწილში - იმიტომ, რომ მზის ტემპერატურა აგვისტოსთან შედარებით დაბალია და ეფექტიანობა პანელების უფრო მაღალია, იმიტომ რომ 30-35 გრადუსზე პანელის ეფექტიანობა პირიქით ეცემა.

ანუ, როცა იქნება ელექტროენერგიის გამომუშავების მაღალი სიჭარბე, იქ ფასი წამოვა დაბლა. მეორეს მხრივ, ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით არის ნაწილი, რომელიც მაის-ივნისს ჩაკეტილი თვეები არა აქვს. ამიტომ აცდენას სწორედ მაგაში ვგულისხმობ, რომ გამომუშავების პიკი როცა იქნება, მაშინ ფასი პირიქით დაეცემა და რეალურად “ჩაკეტილი” თვეები როცა გვაქვს, ის ტარიფი უკვე აღარ ეყოფა იმას, რომ პროექტმა თუნდაც უზრუნველყოს საკუთარი მდგრადობა, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ კუთხით ეს შეუსაბამობა რაღაც პრობლემებს ქმნის და ამაზე უნდა ვიფიქროთ. რა შეიძლება ეს იყოს რომ ამ თვეებშიც რაღაც მინიმალური ტარიფი იყოს და ჩაიკეტოს, თუ რა სხვა ტიპის მექანიზმები, ამაზე ერთად უნდა ვიფიქროთ”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები