მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას უკავშირდება იპოთეკური სესხების დაჩქარება? - საბანკო ასოციაციის შეფასება

ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება შესაძლოა, ეროვნული ბანკის მიერ დეველოპერული სექტორისთვის რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდებოდეს.

საქმე ისაა, რომ ნოემბერში საქართველოში 4458 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 451 მილიონი ლარი იყო. რაოდენობრივად იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ხოლო გაცემული კრედიტების ღირებულება 17%-ით გაიზარდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა სექტემბრამდე ძირითადად შემცირების ტენდენციას აჩვენებდა.

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, უფრო ნათლად მომდევნო პერიოდში გამოჩნდება, თუ რა გავლენა ექნება ბაზარზე რეგულაციების შემსუბუქებას.

“როგორც იცით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იპოთეკურ სესხებთან მიმართებით და დეველოპერული კომპანიების დაფინანსების ნაწილში რეგულაციების გარკვეულ შემსუბუქებაზე. ამ რეკომენდაციების განხილვა ხდებოდა როგორც საფინანსო სექტორის მხრიდან, ასევე დეველოპერული სექტორის მხრიდან. ცვლილება, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მითითების სახით მისცა კომერციულ ბანკებს, არის ტექნიკური შერბილება მოთხოვნების ნაწილში. აქ არის საუბარი თანამონაწილეობის თანხის შემცირებაზე, მოთხოვნების ნაწილში დეველოპერული კომპანიების მხარეს, რა მშენებლობა ჩაითვლება დასრულებულად და რა შემთხვევაში შეეძლება დეველოპერულ კომპანიას, რომ აითვისოს ესა თუ ის თანხა. ამ თვალსაზრისით, გარკვეული შემსუბუქება უკვე გაკეთებული არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეულწილად იმოქმედა კიდევაც ამან იპოთეკური სესხების გააქტიურებაზე.

შესაძლებელია იმ მომენტისთვის არსებობდა სესხების რაღაც რაოდენობა, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება ან დაუარებულიყო ან მოცულობა შემცირებულიყო და მათზე გაიცა სესხი. მაგრამ დღეს ამაზე საუბარი, რამდენად დიდი იყო კორელაცია კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასა და იპოთეკური სესხების ზრდის ტემპს შორის, შეუძლებელია, რომ რაიმე ციფრი გითხრათ. ალბათ 2026 წელს უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ვთქვათ, რამდენად დიდი როლი შეასრულა ამ ცვლილებამ.

მეორე საკითხი არის, რომ ნოემბერში და დეკემბერში, მაღალი ზრდის ტემპი უფრო აქტივობის გაზრდით და მათ შორის წინა პერიოდში, ცოტა უფრო გრძელი მოლოდინის პერიოდის გამოხატვა უფრო მგონია, ვიდრე ამ ტექნიკური ცვლილების ასახვა რეალურ სესხებზე”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკმა უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესები გაამარტივა, რაც დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს გააძლიერებს და მომხმარებელთა უფლებებს უკეთ დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები