ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დეველოპერულ სექტორში დაკრედიტების გამარტივების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შიდა განვადებებთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
როგორც BMG-ის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განუცხადა, ცვლილებების შედეგად იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელთაც პროექტები თითქმის დასრულებული აქვთ, მეტი წვდომა მიეცემათ საბანკო სესხებზე. შედეგად, კი მათი მხრიდან შიდა განვადებების გაცემა შემცირდება, რაც მომხმარებლის მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს.
“ჩვენ გარკვეული შეღავათი დავუშვით იმ კუთხით, რომ თუკი დეველოპერს მშენებლობის დაახლოებით 60% უკვე დასრულებული აქვს, ამ შემთხვევაში შეუძლია ბანკს, რომ [მომხმარებელს] მისცეს იპოთეკა და ჯერ დაუმთავრებელი ბინა ჩაიდოს გირაოში. ამ გზით მომხმარებლებისთვის იპოთეკური სესხები მეტად ხელმისაწვდომი იქნება, ამასთანავე, მომხმარებლები კიდევ უფრო დაცულები იქნებიან, ვიდრე შიდა განვადების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში თუ თქვენ აიღებთ იპოთეკას, ეს თანხა მივა დეველოპერთან და ის მას გამოიყენებს მშენებლობის სრულად დასრულებისთვის.
ჩვენ დავინახეთ, რომ შიდა განვადებებზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ცხადია, ფინანსური სექტორისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის ბევრად უფრო ჯანსაღია, რომ მომხმარებელი იყოს დაცული და სესხი იყოს რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტში, სადაც მომხმარებლის უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული. თუ ვნახეთ, რომ ჯანსაღი პროექტია, რომელიც 60%-ით დასრულებულია, დიდი ალბათობით სრულადაც დასრულდება, ამ შემთხვევაში ბანკს აქვს ამის რწმენა, რომ თუ ამ ბინას დაიგირავებს, ამ შემთხვევაში რისკები არის საკმაოდ დაბალი და ეს თანხა შეიძლება დეველოპერისთვის ხელმისაწვდომი გახდეს”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკმა უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესები გაამარტივა, რაც დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს გააძლიერებს და მომხმარებელთა უფლებებს უკეთ დაიცავს.




























