ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტის რეკორდული ზრდა, მათ შორის რუსეთის ბაზარზე სავარაუდოდ, რუსეთის მიერ აქციზის გადასახადის გაზრდას უკავშირდება.
როგორც ასოციაციის გამგეობის წევრმა, გვანცა მელაძემ BMG-სთან განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 1 მაისიდან რუსეთმა ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზი გაზარდა, იმპორტიორებმა წინასწარ მოიმარაგეს პროდუქცია.
გვანცა მელაძის შეფასებით, რომ მომდევნო თვეებში რუსეთის ბაზარზე ამ ტემპებით ღვინის ექსპორტის ზრდა აღარ გაგრძელდება.
„ექსპორტში რუსეთის წილი ღვინის ხარჯზეა გაზრდილი, ეს სავარაუდოდ, რუსეთში 1 მაისიდან ღვინოზე აქციზის გასამმაგებას უკავშირდება. სავარაუდოდ, მარაგების გადაზიდვა მოხდა, რათა იმპორტიორებს დაბალ ფასში შეეძინათ ეს პროდუქცია. საინტერესოა, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის ხარჯზე ამ პროდუქციამ გადაუსწრო ფეროშენადნობების ექსპორტს, რომელიც გასულ პერიოდში, ვიდრე ეს ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ჩაიკეტებოდა, ასევე აქტიურად გადიოდა რუსეთში. თუმცა თუკი ეს ზრდა რეალურად მართლაც მარაგების დაგროვებით იყო გამოწვეული, ვფიქრობთ, რომ შემდეგ თვეებში ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე ამ მოცულობებით აღარ გაგრძელდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ნელა, თუმცა სტაბილურად იზრდება“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.
ცნობისთვის, 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება, სადაც მთლიანი ღვინის ექსპორტის 78.6% მოდიოდა.
ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 37 045 ტონა ღვინის გაყიდვით საქართველომ 99,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა.