საკონსულტაციო კომპანია PMO-მ USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის რეფორმის ხარჯთეფექტიანობის ანალიზი ჩაატარა და შედეგები გასულ კვირას გამოაქვეყნა. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი აფასებს მარეგულირებელ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებების გავლენას ტურიზმის სექტორსა და ზოგადად ეკონომიკაზე, და განსაზღვრავს კანონპროექტის მოსალოდნელ ზეგავლენას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე. მოკვლევის თანახმად, მომავალ 10 წლიან პერსპექტივაში ტურიზმის შესახებ კანონპროექტის გავლენები დადებითია და წმინდა სარგებელი, რაც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს ჯამურად 4.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ამაში მოიაზრება როგორც ფინანსური ხარჯი და სარგებელი, ისე მოიცავს არა-მონეტარულ გავლენებსაც. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსური სახის გავლენებს, 2023-2033 წწ-ში მოსალოდნელი ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის გათვალისწინებით, 3,4 მილიარდი ლარია ის წმინდა სარგებელი, რასაც ქვეყანა ტურიზმის რეფორმიდან მიიღებს.
ტურიზმის შესახებ ახალმა კანონმა 1997 წელს მიღებული კანონი უნდა ჩაანაცვლოს. მასში გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ტურიზმის დირექტივის მოთხოვნები, მათ შორის, სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, რეგულირების ქვეშ ექცევა ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები.
კანონი აწესებს ასევე ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კანონპროექტში ის ჩანაწერია, რომელიც ტუროპერატორების შესაძლო გადახდისუუნარობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის შემოტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტუროპერატორებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან შესაბამისი საბანკო გარანტია უნდა გააჩნდეს.
სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი;