მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უპირებს საპარტნიორო ფონდი ე.წ. ბიზნესსახლის შენობას? - საგანელიძის პასუხი

61a0b0faad9fe
ინგა მურუსიძე
26.11.21 13:58
1846
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსებული „ბიზნესსახლის“ პროექტის განხორციელება რომ „ოცნების“ შემდეგმა პრემიერებმა გადაიფიქრეს, ამაზე bm.ge ბოლო წლების განმავლობაში ხშირად წერდა. მართალია, კონსტრუქციის მშენებლობა, რომელიც გადასახადის გადამხდელებს 10 მლნ ლარი დაუჯდა, 2020 წელს დასრულდა, მაგრამ შენობისთვის შესაბამისი დანიშნულების მოძიება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 2019 წელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, რომ რადგან ბიზნესსახლის პროექტის იმ ფორმით განხორციელება, რა ფორმითაც 2016 წელს დაანონსდა, მთავრობამ გადაიფიქრა, ბიზნესსახლისთვის უკვე აშენებული შენობის ან პრივატიზება ან ახალი დანიშნულების მოძიება იგეგმებოდა.

როგორც რამდენიმე კვირის წინ BM.GE-მ გაარკვია, ორთაჭალაში, გულიას ქუჩის #3 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, საპარტნიორო ფონდს გადაეცა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე კი დღეს bm.ge-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან მშენებარე ობიექტის არქიტექტურიდან გამომდინარე, მისი კომერციულად ფართად გამოყენება არარენტაბელურია. 

„ე.წ. ბიზნესსახლი, რომლის შენებლობაც დაიწყო თავის დროზე სახელმწიფომ, მერე პროექტი დაიხურა და მშენებლობაც შეწყდა, მაგრამ შავი კარკასის მდგომარეობაში დარჩა, გადმოეცა საპარტნიორო ფონდს, რათა ამ შენობის ფუნქციაზე გადაწყვეტილება სწორედ ფონდს მიეღო. ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ორგანიზაციას, არქიტექტორებს, თუ რა შეიძლება ამ შენობიდან გამოვიყვანოთ. შენობის დანგრევა არავის უნდა. თვითონ შენობა ისეა აშენებული, რომ კომერციულ ფართად არარენტაბელურია, რადგან ბევრი ფართია დაკარგული.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ახლა მუშავდება, არის ის, რომ დამატებითი ტერიტორია იქნას აღებული მის გვერდით, რომელზეც აშენდება საცხოვრებელი, საოფისე, სასტუმრო - კომპლექსური შინაარსის შენობა, ანალოგიური, როგორიც ვაკეშია, ორი მაღლივი შენობა რომ დგას და იქ შეიძლება მერე გაკეთდეს სავაჭრო ცენტრი. ამ შენობაში ვერც მარტო სასტუმროს გააკეთებ, ვერც კომერციულ ფართებს და ა.შ. ეს ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის“, - განაცხადა დავით საგანელიძემ. <სტილი დაცულია>

მისივე თქმით, "ამ შენობიდან მომავალში შეიქმნება ისეთი რამ, რაც ბიუჯეტისთვის ფულის შემომტანი სტრუქტურა იქნება".

bm.ge-ს კითხვაზე - ინვესტორებს შესთავაზა თუ არა ფონდმა აღნიშნული ობიექტი, დავით საგანელიძემ თქვა, რომ ჯერჯერობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები არქიტექტორებთან და დარგის პროფესიონალებთან, რათა განისაზღვროს, "რისი გაკეთება შეიძლება იქ". 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები