მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სახლის შენობა, რომლის აშენება 10 მლნ დაჯდა, საპარტნიორო ფონდს გადაეცა

618a11d6d1966
ანუკა ჯოხაძე
09.11.21 10:43
1158
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსებული „ბიზნეს სახლის“ პროექტის განხორციელება რომ „ოცნების“ შემდეგმა პრემიერებმა გადაიფიქრეს, ამაზე bm.ge ბოლო წლების განმავლობაში ხშირად წერდა. მართალია, კონსტრუქციის მშენებლობა, რომელიც გადასახადის გადამხდელებს 10 მლნ ლარი დაუჯდა, 2020 წელს დასრულდა, მაგრამ შენობისთვის შესაბამისი დანიშნულების მოძიება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. 2019 წელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, რომ რადგან ბიზნეს სახლის პროექტის იმ ფორმით განხორციელება, რა ფორმითაც 2016 წელს დაანონსდა, მთავრობამ გადაიფიქრა, ბიზნეს სახლისთვის უკვე აშენებული შენობის ან პრივატიზება ან ახალი დანიშნულების მოძიება იგეგმებოდა.

როგორც BM.GE-მ გაარკვია, ორთაჭალაში, გულიას ქუჩის #3 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, რეფორმირების მოლოდინში მყოფ საპარტნიორო ფონდს გადაეცა.

საპარტნიორო ფონდში კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ქონება მათ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით გადაეცათ.

“ქონება ფონდის საკუთრებად დარეგისტრირდა 2020 წლის 18 სექტემბერს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე. ამავე განკარგულებით განისაზღვრა, რომ ქონების გამოყენება უნდა მოხდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის.

ფონდის მანდატიდან გამომდინარე მიმდინარეობს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის შემუშავება სამეთვალყურეო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციით.

საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გაიმართა არაერთი კონსულტაცია თბილისის მერიის წარმომადგენლებთანაც. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალების გამჟღავნება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“, - წერია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.