საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 6 თვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 2020 წლის ნიშნულის ნახევარზე მაინც უნდა იყოს.
ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. მისი თქმით, 6 თვის შემდეგ უნდა დაიწყოს ეკონომიკური აღორძინების ეტაპი, რისთვისაც ფინანსური რესურსის მოძიება უნდა მოხდეს ცალკე.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ვებრძვით ეპიდემიას და იმედი გვაქვს, რომ 6 თვეში შევძლებთ, რომ ეკონომიკური სრული აღდგენის ეტაპზე გადავიდეთ. ამას ჩვენ ვეძახით ეკონომიკური აღორძინების პროგრამას და ეს არის ცალკე. იმ ეკონომიკრი აღდგენის პროგრამისთვის ფინანსური რესურსი ცალკე გვექნება მოსაძიებელი და სულ სხვა გათვლები, სულ სხვა გეგმა იქნება. ამიტომ რაც შეეხება შეკითხვას - რას ვშვრებით 6 თვის შემდეგ? ამ დროისთვის ჩვენ როგორც მინიმუმ, დაბრუნებული უნდა ვიყოთ 2020 წლის ნიშნულის ნახევარზე მაინც. სადღაც იქ უნდა ვიყოთ. ასევე, ყველა იმ ნაბიჯში, რასაც ჩვენ ვეძახით შეზღუდვების შემსუბუქებას, ან ეკონომიკის გახსნას, ამისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი: 1. ყველა გადაწყვეტილება ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის მიიღება ეპიდემილოგიური მდგომარეობის შეფასების შემდგომ, 2. ყველა ეტაპოდან სწრაფი უკან გადახვევის რესურსი უნდა არსებობდეს და 3. ახალ ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღება ასეთივე გაფართოებული მსჯელობის შედეგად. ამის გარეშე გახსნაზე საუბარი არის უკიდურესად რისკის შემცველი. თორემ უკვე მიღებულ შედეგებს წყალს გავატანთ და აქამდე მიღებული შედეგი იქნება ნულის ტოლი. გვესმის, რომ უდიდესი დისკომფორტის მომტანია ეს შეზღუდვები მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს არის იძულებითი ნაბიჯები“, - განაცხადა გახარიამ.