მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ვყიდით აშშ-ში, რომელმაც საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესა?

ვაჭრობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან გვაცნობა, რომ საბაზო ტარიფების მიღმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფებს უწესებს.

აღნიშნული ტარიფები ეხება ამერიკაში იმპორტირებულ პროდუქციას. რა საქონელი გადის საქართველოდან აშშ-ში და რას შეეხება ტრამპის ტარიფები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, საგარეო ვაჭრობის მონაცემები უნდა მოვიშველიოთ.

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, საქართველოდან აშშ-ში 8,5 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულ საქონელს შორის პირველ ადგილზე მილებია, შემდეგ საფრენი აპარატის ნაწილები, ხოლო მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები.

თუმცა, იმისათვის, რომ უფრო ფართო სურათს შევხედოთ, ვნახოთ, რა გავყიდეთ აშშ-ში 2024 წელს ჯამურად, როცა ექსპორტმა აშშ-ში 141 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. (2023 წელს კი აშშ-ში ექსპორტი 97 მლნ აშშ დოლარი იყო)

TOP-10 პროდუქტი, რაც 2024 წელს აშშ-ში გავყიდეთ:

  1. ფეროშენადნობები - 90,2 მლნ აშშ დოლარი
  2. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 8,4 მლნ აშშ დოლარი
  3. საფრენი აპარატების ნაწილები - 7,2 მლნ აშშ დოლარი
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,1 მლნ აშშ დოლარი
  5. წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 5,3 მლნ აშშ დოლარი
  6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4,6 მლნ აშშ დოლარი
  7. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
  8. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,8 მლნ აშშ დოლარი
  9. მინერალური და მტკნარი წყლები - 1,6 მლნ აშშ დოლარი
  10. სამშენებლო ნაწარმი ხისა - 1,1 მლნ აშშ დოლარი.

გარდა ამისა, გასულ წელს დაახლოებით 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სუნამოები და ტუალეტის წყალი, ასევე კაკალი და მინერალური წყლები გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები