საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში ცვლილების შეტანის მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცვლილებების ოქმს ხელი 2026 წლის I კვარტალში მოეწერება. სტრატეგიულ პარტნიორთან შეთანხმების მოდერნიზაცია მოხდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვაც წლიურად 15%-ით 1.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.7%-ია. აქედან უდიდესი წილი კი იმპორტზე მოდის. უფრო დეტალურად, 8 თვეში ჩინეთიდან 1.2 მილიარდის იმპორტი განხორციელდა (მთლიანი იმპორტის 10.4%), რაც წლიურად 18.6%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი მესამეა საიმპორტო პარტნიორებში.
ჩინეთიდან იმპორტირებული TOP 5 საქონელი შემდეგია:
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $41.8 მლნ;
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $36.5 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $33.7 მლნ.
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $30.6 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $27.7 მლნ
რაც შეეხება ექსპორტს, წლიურად 3.3%-იანი კლების შემდეგ 196.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4.4%-ია. ჩინეთი მეშვიდეა საექსპორტო პარტნიორებში.
TOP 5 საექსპორტო საქონელი ასე გამოიყურება:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $142.5 მლნ;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $13.3 მლნ;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $9.7 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.1 მლნ.
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $3.4 მლნ;




























