მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უზბეკეთში - ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა

62d6807648362
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.22 15:10
1113
საქართველოს მთავრობის დელეგაცია 18 ივლისს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. „არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები“, - ეს განცხადება კი ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

BM.GE დაინტერესდა, როგორია უზბეკეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა რიცხვებში. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს უზბეკეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 2.1 მლნ დოლარი შემოვიდა, ხოლო 2022 წლის 6 თვეში FDI-ის მოცულობამ 1.2 მლნ დოლარი შეადგინა.

უზბეკური გამოცემა Gazeta.uz-ი წერს, რომ უზბეკეთში ქართული კაპიტალის მონაწილეობით, 69 საწარმო ოპერირებს, ხოლო საქართველოში უზბეკური ინვესტიციით 23 კომპანია მოქმედებს.

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვამ ბოლო 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 64.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ბრუნვაში დიდი წილი ექსპორტზე მოდის. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ უზბეკეთში საქონლის ექსპორტით 43.8 მლნ დოლარი მიიღო. ოფიციალურ სტატისტიკაში კი ჩანს, რომ ამ მიმართულებით ყველაზე დიდი რაოდენობით დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გადის.

TOP-10 საექსპორტო საქონელი უზბეკეთში:

1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 26.7 მლნ დოლარი, 346 ტონა;
2. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 4.3 მლნ დოლარი, 3 ტონა;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 2.1 მლნ დოლარი, 3 582 ტონა;
4. დაკონსერვებული ნაყოფი ან მცენარის სხვა ნაწილები - 1.5 მლნ დოლარი, 745 ტონა;
5. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 1.4 მლნ დოლარი, 8 ტონა;
6. ახალი, გაცივებული ან გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 996 ათასი დოლარი, 634 ტონა;
7. მსუბუქი ავტომობილები - 933 ათასი დოლარი;
8. ფეროშენადნობები - 771 ათასი დოლარი, 20 ტონა;
9. სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი - 664 ათასი დოლარი, 363 ტონა;
10. სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას მიღებული კოპტონი - 606 ათასი დოლარი, 898 ტონა;

ამავე პერიოდში საქართველომ უზბეკეთიდან 21 მლნ დოლარის საქონელი შეიძინა. ეს რიცხვი გასული წლის 6 თვესთან შედარებით 51%-ით გაიზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

TOP-10 საიმპორტო საქონელი:

1. სპილენძის მავთული - 6.4 მლნ დოლარი, 655 ტონა;
2. პოლიმერული ეთილენი - 2.8 მლნ დოლარი, 1 902 ტონა;
3. გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული - 2.1 მლნ დოლარი, 3 760 ტონა;
4. დაგრეხილი მავთული და ანალოგიური ნაწარმი სპილენძისაგან - 1 მლნ დოლარი, 100 ტონა;
5. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 994 ათასი დოლარი, 1 330 ტონა;
6. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 984 ათასი დოლარი, 757 ტონა;
7. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 957 ათასი დოლარი, 2 577 ტონა;
8. ყურძენი, ახალი ან გამხმარი - 769 ათასი დოლარი, 509 ტონა;
9. ნაღების კარაქი და რძის პასტები - 422 ათასი დოლარი, 90 ტონა;
10. ცოცხები და ჯაგრისები - 309 ათასი დოლარი, 245 ტონა.

რაც შეეხება ტურიზმს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში უზბეკმა ვიზიტორებმა საქართველოში 22 332 ვიზიტი განახორციელეს. ეს მაჩვენებელი პანდემიამდე - 2019 წლის მაჩვენებელს 165%-ით, ხოლო გასული -2021 წლის 6 თვის მაჩვენებელს 79.6%-ით აღემატება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები