მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში დაიხარჯა ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდები? - IDFI-ის მიმოხილვა

60d0c29f69592
თამთა ჯიჯავაძე
21.06.21 23:00
1047
IDFI-მ 2020 წელს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა სარეზერვო ფონდების ხარჯვის პრაქტიკა შეისწავლა. კვლევაში განხილული სარეზერვო ფონდების ხარჯვის ანალიზი ეყრდნობა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახულ მონაცემებს. კვლევის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია თავის ვებგვერდზე აქვეყნებს, გამოყენებულია 2020 წლის სექტემბრის თვეში მუნიციპალიტეტებიდან სარეზერვო ფონდების მიმდინარე ხარჯების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია.

როგორც მიმოხილვაში წერია, 64 მუნიციპალიტეტიდან IDFI-ის მოთხოვნა სარეზერვო ფონდების შესახებ უპასუხოდ დატოვა 9 მუნიციპალიტეტმა. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება დაარღვიეს: ადიგენის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, ლანჩხუთის, ლენტეხის, სიღნაღის, შუახევის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტთა მერიებმა.

IDFI-მ კვლევის ფარგლებში გაანალიზა 54 მუნიციპალიტეტის მიერ სარეზერვო ფონდის რესურსით გაწეული ჯამში 14.7 მილიონი ლარის ოდენობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია. მათ შორის, 48 მუნიციპალიტეტის შემთხვევაში შესაძლებელი გახდა სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების კატეგორიების მიხედვით დაყოფა. კერძოდ, ანალიზი მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები, კოვიდ-19 პანდემიისთვის ბრძოლის თანხები, სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხები, კაპიტალური სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები და სხვა ხარჯები.

IDFI-ის ანალიზის ძირითადი მიგნებებია:

- 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეულია 14.7 მილიონი ლარის ხარჯი.

- 2020 წელს, 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯის 63% (9.26 მილიონი ლარი) 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი - 6.21 მილიონი ლარი, ბათუმი -1.25 მილიონი ლარი, რუსთავი - 1.18 მილიონი ლარი, ქუთაისი - 620 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდზე მოდის.

- ქალაქ თბილისის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა (2,404,700 ლარი) მოხმარდა კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს. მაგალითად, მერიის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, დაინფიცირებისაგან დამცავი საშუალებების შესაძენად ჯამში 724,064.20 ლარი დაიხარჯა.

- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით თბილისის სარეზერვო ფონდის 1.6 მილიონით ზრდის მიუხედავად, სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება 26%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად განპირობებულია COVID-19 გამოწვეული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი თანხის მიმართვით.

- ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯებიდან 1.09 მილიონი ლარი მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებებს, ხოლო 151.5 ათასი ლარისაკარანტინე სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებას.

- 2020 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წინა წელთან შედარებით, 836 ათასი ლარით გაიზარდა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე დაიხარჯა.

- 2020 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის დაახლოებით 90% (555.9 ათასი ლარი) მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას.

- დანარჩენი 50 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს გაწეული ხარჯებიდან 28% (1.54 მილიონი ლარი) მოხმარდა პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას, 23% (1.24 მილიონი ლარი) მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას, 14% (744.2 ათასი ლარი) - სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 8% (425.4 ათასი ლარი) სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯს, ხოლო დანარჩენი 27%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულიად უცნობია.

- კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდების ათვისების დაბალი მაჩვენებლები. მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხარჯი საერთოდ არ გაწეულა

- 2020 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა.

- მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ინფორმაცია საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არაერთგვაროვნად აღირიცხება, რაც უმეტესწილად ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნებიდან, სხვა პროგრამულ კოდებზე თანხის გადატანის შემთხვევებს უკავშირდება.

- ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ გასაჯაროებულია სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები.

- მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ მნიშნელოვან რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.

IDFI-ის დასკვნით, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია.

"ცალკეული მუნიციპალიტეტები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში", - აღნიშნულია დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები