მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა

640ee2c209755
BM.GE
13.03.23 13:27
636
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობა 2022 წლის მონაცემებით. ანგარიში ასევე მოიცავს 2010-2022 წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.

ძირითადი მიგნებები:

- 2022 წელს 374 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 7,582 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო მხოლოდ 4,385 განცხადებაზე (58%);

- 2022 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 7,582 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო მხოლოდ 2,640 შემთხვევაში (35%);

- 2022 წელს IDFI-ს სტანდარტული წერილით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების მაჩვენებელი მინიმუმ 41%-ს შეადგენს. მათ შორის, ყველაზე მეტმა უწყებამ (59%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტის ანგარიშების მოწოდებაზე;

- 2022 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან და მის საქართველოზე გავლენასთან იყო კავშირში. მაგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომუპასუხოდ დატოვა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი გემების საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის მცდელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა.

- 2022 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპ-ებმა (90% უპასუხო, უარი); ასევე, სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა (83% უპასუხო, უარი) და ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა (66% უპასუხო, უარი);

- სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (69% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობასა და სამინისტროებს, აგრეთვე აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას.

- 2022 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით მხოლოდ 9 საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, საჯარო სამსახურის ბიურომ, სახალხო დამცველის აპარატმა, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ);

- 2022 წელს 69 დაწესებულება (მათ შორის 49 სამინისტროებს დაქვემდებარებული უწყებაა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა;

- 2022 წელს 130 საჯარო დაწესებულების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია;

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (95,36%) და საქართველოს პარლამენტის აპარატმა -(85,39%); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 18,31% შეადგინა.

- 2022 წელს, IDFI-ს სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ყველა სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა, შედეგად, სამინისტროების მაჩვენებელი მხოლოდ 0%-დან 40%-მდე მერყეობს. მათ შორის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო (0%);

- 2022 წელს ყველა სამინისტრომ, წინა წელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გააუარესა. მათ შორის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (-88%), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (- 84%), ჯანდაცვის სამინისტრო (-66%);

- 2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა და 58% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგია.

- 2022 წელს IDFI-მ 56 ადმინისტრაციული საჩივარი და 16 ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა. დავის სამართლებრივი სირთულის მიუხედავად, სასამართლომ წარმოებაში მიღებულ ყველა საქმეზე 5 თვით გაახანგრძლივა საქმის განხილვის ვადა.

- 2022 წელს სრულყოფილად გაცემული პასუხების მაჩვენებელი 33%-ია. მსგავსი დაბალი შედეგი 2010 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

- 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა სამინისტროების (-62%), სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების (-65%) და სახელმწიფო რწმუნებულების (გუბერნატორების) ადმინისტრაციების (-26%) შემთხვევაში.

- 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, მიღებული პასუხები მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა დამოუკიდებელი უწყებების (+1%) და საკრებულოების (+4%) ჯგუფებში შემავალ უწყებებში.

- 2022 წელს საჯარო ინფორმაციის დროულად გაცემის მაჩვენებელი 19%-ით შემცირდა და 35% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.


დასკვნა

2022 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2022 წელს გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. 2013 წლის შემდეგ, ქვეყანაში დამკვიდრებული იყო გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რომელიც 2022 წლამდე წარმატებით იყო შენარჩუნებული.

2022 წელს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი, საჯარო დაწესებულებათა უმრავლეს კატეგორიაში გაუარესდა, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები, რომლებმაც მასშტაბურად უპასუხოდ დატოვეს IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.

2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების რადიკალურად გაუარესებული მაჩვენებელი, შესაძლებელია, შეფასდეს როგორც მთელ რიგ უწყებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ნეგატიური ცვლილებები, რასაც ხელი შეუწყო მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროების დაფარვის სურვილმა. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნეს წლების განმავლობაში მაღალი გავლენის მქონე უწყებების თუ თანამდებობის პირების მიერ ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით შექმნილი პრეცედენტები, რამაც წაახალისა სხვა საჯარო დაწესებულებების თვითნებობაც. მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელი საჯარო დაწესებულებების ძირითად მაკოორდინირებელ უწყებას, წლების განმავლობაში არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე, საქართველოს ყოფილი იუსტიციის და მოქმედი კულტურის მინისტრი მიზანმიმართულად ზღუდავს მის მმართველობაში მყოფ ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რაც უარყოფითი ეფექტის მატარებელი შესაძლებელია ყოფილიყო სხვა საჯარო დაწესებულებებისთვისაც.

თუმცა, მოკლევადიან პერიოდში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესების არსებული მასშტაბი აჩენს მნიშვნელოვან ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეზღუდოს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება.

2022 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება განსაკუთრებულ პრობლემად უნდა შეფასდეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პირობები მნიშვნელოვნად უკავშირდება საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ზრდას, ხოლო საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად არის დასახელებული. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუარესება, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

მოკლევადიან პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მკვეთრი გაუარესება, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს მთელ რიგ უწყებებში ანგარიშვალდებულების მექანიზმების ინსტიტუციურ მდგრადობასთან დაკავშირებით. ზემოთ განხილული ფაქტორების გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს საჯაროობის ხარისხზე, ცალსახად მიუთითებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ქვეყანაში ქმედითი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები