ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსს აცხადებს, რომლითაც 3000-მდე კურსდამთავრებულს საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, რომ განცხადების შეტანა კურსდამთავრებულებს 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
„ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი, მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისათვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს.
შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად განსაზღვრეს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩატარდება ორეტაპიანი კონკურსი, საბუთების გადარჩევა, შემდეგ იქნება გასაუბრებები. მთლიანობაში, 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში, რაც შექმნის მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს. ისინი გაეცნობიან საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირებას რამაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.