საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი წელს კურსდამთავრებულთა რეკორდულმა რაოდენობამ - 5 692-მა ახალგაზრდამ გამოთქვა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, წელს პროგრამის ფარგლებში 364-მა საჯარო დაწესებულებამ კონკურსი სულ 3 459 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა. შერჩეული კურსდამთავრებულები უწყებებში სტაჟირებას 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდების მხრიდან გამოხატული უპრეცედენტო ინტერესის ფონზე, პროექტის მხარდაჭერა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
"ეს ნიშნავს იმას, რომ არის მზარდი დაინტერესება ახალგაზრდებში სტაჟირების პროგრამის მიმართ და რა თქმა უნდა, ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში.
ასევე საკმაოდ მაღალია გასული წლების მონაცემებით კურსდამთავრებულთა შესაბამის უწყებებში დასაქმების მაჩვენებელიც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ამასაც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
























