მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში გამოიყენება 5G - კომუნიკაციების კომისიის განმარტება

5e9806d3aafd5
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.20 21:00
4968
კომუნიკაციების ეროვნული კომისია გავრცელებულ ინფორმაციაში მეხუთე თაობის ინტერნეტ სიხშირის მნიშვნელობაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ 5G ინტერნეტი უკვე გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“.

„კვალიფიციური და ავტორიტეტული ორგანიზაციების განმარტებების გარდა, კომუნიკაციების კომისია აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია რამდენად საჭირო და რა სიკეთის მომტანია 5G ტექნოლოგია.

მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. 5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებში არ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია - საზოგადოებისთვის.

5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში. მაგალითად, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების მეშვეობით.

5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც - საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე - ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში. სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება.

ამას გრადა მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID 19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას.

ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი გვეკავოს",- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს 5G ინტერნეტი ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საშიშია წარმოადგენს დეზინფორმაციას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები