მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
განახლებულ მონაცემებს გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.
რაც შეეხება ხარჯებს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის II კვარტალთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა.
საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ აპრილი-ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი თანხა - 228 მლნ ლარი საყიდლებზე დახარჯეს, რაზედაც 38.4%-იანი წილი მოდის. მეორე ადგილზე - საკვები და სასმელი იყო 156.1 მლნ ლარით (26.3%), მესამეზე - განთავსება - 91.3 მლნ ლარით, შემდეგ მოდის ადგილობრივი ტრანსპორტი და გასართობი და კულტურული ღონისძიებები.