მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაში უნდა დაეხარჯა მთავრობას ვაქცინაციის ბიუჯეტი და უნდა იყოს თუ არა აცრა სავალდებულო? - სპეციალისტების მოსაზრებები

6170311aa6908
ელენე გოგბერაშვილი
20.10.21 23:35
825
საქართველოს მთავრობა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს დაბალი ტემპებით ითვისებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს იმუნიზაციისთვის 12 მლნ ლარია გათვალისწინებული, აქედან 9 თვის დაზუსტებული გეგმით 3,2 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს, თუმცა 8 თვის მონაცემები აჩვენებს, რომ მხოლოდ 909 ათასი ლარია ათვისებული, რაც გეგმის მხოლოდ 28%-ია.

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ათვისების დაბალ მაჩვენებელს წლის პირველ ნახევარში ვაქცინაციის დაბალი ინტენსივობით ხსნის. მათი განმარტებით, ამის კიდევ ერთი მიზეზი, სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ინსპექტირებისთვის საჭირო ვადების გამო მომსახურების გაწევის და ფაქტობრივად ანაზღაურების დროში აცდენაა.

ამ საკითხზე განმარტებები დღეს გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული 12 მილიონი ლარი მხოლოდ აცრის ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი.

სავარაუდოდ 12 მილიონი ლარი, რაზეც გაბუნია საუბრობს სხვა ტიპის ადმინისტრირების ხარჯებსაც ითვალისწინებს, რაზეც დაზუსტებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ სამწუხაროდ არ მოგვაწოდა.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი bm.ge-სთან საუბარში იმ მიმართულებებს ასახელებს, რაშიც მთავრობას ბიუჯეტი გაცილებით ეფექტიანად შეეძლო დაეხარჯა.

„სანამ დაიწყებოდა ვაქცინაცია, დავიწყებდი ძალიან ძლიერ საინფორმაციო კამპანიას, გამოვიყენებდი ამ თანხებს იმისათვის, რომ ჩატარებულიყო ტრენინგები სამედიცინო პერსონალში და მათთან ყოფილიყო საუბარი ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მის დანიშნულებაზე იმიტომ, რომ როგორც გამოჩნდა სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი არ იცრება და სხვებსაც არ ურჩევს, რომ აიცრას და ამანაც უარყოფითი შედეგი გამოიღო. ერთი - ამ ფულს დავხარჯავდი საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებაში სანამ ვაქცინაცია დაიწყებოდა და მეორე გარკვეულ ნაწილს დავხარჯავდი მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, რადგან ყველამ იცოდა, რომ რაიონებში პირველადი ჯანდაცვა არის სუსტი და მას იქ არ ექნებოდა შესაძლებლობა მოეცვა ხალხი და უნდა ყოფილიყო სხვა საშუალებები და ეს სხვა საშუალებები იქნებოდა მობილური ჯგუფები. ამიტომ ამ მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებას, მათ მომზადებას და გაშვებას უზრუნველვყოფდი რაიონებში მაისში, აპრილში და უფრო ადრე, ვიდრე ახლა აპირებენ. თუ ამ მხრივ დაიხარჯებოდა ეს თანხები უფრო უკეთესი შედეგი ექნებოდა საქართველოს“ - აცხადებს ზაზა წერეთელი.

ჯანდაცვის სპეციალისტებს ვაქცინაციის ბიუჯეტის ათვისების დაბალი ტემპი არ უკვირთ. არსებული ეპიდვითარების და დაბალი ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით ახლა სპეციალისტებს ერთადერთ გამოსავლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის აღსრულება და ვაქცინაციის სავალდებულო პრინციპის შემოღება მიაჩნიათ.

„ეს ჩვენს რეალობაში ერთადერთი გამოსავალი იქნება, მითუმეტეს ამის საშუალებას და პრინციპში ვალდებულებას წარმოქმნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი, რომელიც ძალიან მკაფიოდ გაწერს როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის ვალდებულებებს ეპიდემიურ და პანდემიურ სიტუაციაში“, - აცხადებს ქეთევან ჩხატარაშვილი.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი კი მიიჩნევს, რომ გარკვეული ინიციატივები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მოქალაქეთა ვაქცინაციის სავალდებულოობას გულისხმობს არა კერძო სექტორიდან, არამედ თავად სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს.

„პანდემიამ მსოფლიოში აჩვენა ერთი რამ, რომ ეს არის ის სიტუაცია, როცა სწორედ სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეა ყველაფერი დამყარებული. სწორედ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ მოიქცევა ქვეყანა. უბრალოდ ბიზნესია თუ სხვა, მათთან ერთად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, მაგრამ სახელმწიფო არის მთავარი განმსაზღვრელი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მან უნდა განახორციელოს ეს გადაწყვეტილება, რადგან პანდემია არის ისეთი მოვლენა, რომელიც ვერ აიტანს ინდივიდუალურ თამაშებს“, - აცხადებს ზაზა წერეთელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები