იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სრულად დასაშვებია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდნენ სახელმწიფოს მხრიდან. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერის ინიციატივა არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება მისასალმებელია და ემსახურება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, ასევე სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაში საზოგადოების მეტ ჩართულობას.
"უფრო მეტსაც გეტყვით, იუსტიციის სამინისტროს, ფაქტობრივად, მესამე წელია გამოცხადებული გვაქვს საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, ვაფინანსებთ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სხვადასხვა სახის პროექტებს წინასწარ გამოცხადებული პრიორიტეტების შედეგად. შესაბამისად, ამის სრული სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, სრულად გაუგებარია, რატომ არ შეიძლება, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღოს დაფინანსება საკუთარი სახელმწიფოსგან და ამავდროულად, მიიღოს უცხოური სახელმწიფოსგანაც.
"ეს სრულად წარმოუდგენელია. ის, ვინც დაფინანსებას ქართული სახელმწიფოსგან მიიღებს, მას, რა თქმა უნდა, არ ეზღუდება უცხო სახელმწიფოსგან თუ სხვადასხვა უცხოური ფონდისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. გაუგებარია, რატომ უნდა თქვას ადამიანმა უარი მეტი დაფინანსების და შესაბამისად, მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე?!”, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ როგორც მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი, მთავრობა უცხოური გრანტების საპირწონედ, გადასახადის გადამხდელების ფულით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. პრემიერის მტკიცებით, ხელისუფლების დაფინანსებული არასამთავრობოები მთავრობას კორუფციის აღმოფხვრაში დაეხმარებიან.